თბილისი, 25 მარტი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საქართველოს უძველეს დედაქალაქ მცხეთაში სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ქადაგების დროს მრევლს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავი მიულოცა.
25 მარტს ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია აღევლინა.
„ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ უფალმა ინება ავტოკეფალიის აღდგენა საქართველოში. ტაძრები, რომლებიც აშენდა, წიგნები, რომლებიც დაიწერა, კულტურა, რომელიც შეიქმნა ქრისტიანულ ნიადაგზე — ყველაფერი ავტოკეფალიის შედეგია და გილოცავთ ავტოკეფალიის აღდგენას. იგი იყო გაუქმებული და აღდგენილი 100 წლის წინ“, — ბრძანა ილია მეორემ.
არის ისტორიული მოვლენები და თარიღები, რომლებიც აღემატებიან როგორც ისტორიულ მოვლენას — საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია სწორედ ასეთი თარიღია, აღნიშნა კატოლიკოს-პატრიარქმა.
ქადაგების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქმა ყველა წინაპრის პატივსაცემად, ვინც „ერისთვის, ქვეყნისათვის და ეკლესიისთვის“ იღვაწა, პანაშვიდი აღავლინა.
1811 წელს რუსეთის საიმპერატორო კარმა უკანონოდ გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, მოსპო საპატრიარქო მმართველობა და საქართველოს ეკლესია საეგზარქოსოს უფლებით დაუქვემდებარა რუსეთის ეკლესიის სინოდს.
1917 წელს, ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ პირველ კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულ იქნა კირიონ II.
1990 წელს V საუკუნიდან არსებული საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია დაადასტურა მსოფლიო საპატრიარქომ.