თბილისი, 25 მარტი — Sputnik. თბილისში საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას მასშტაბურად აღნიშნავენ. თბილისის მერიამ ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით 26-27 მარტს დაგეგმილი სადღესასწაულო ღონისძიებების პროგრამა წარმოადგინა.
ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ძალაში 28 მარტს შევა. საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში 180-დან 90 დღის განმავლობაში უვიზოდ ყოფნას შეძლებენ.
სადღესასწაულო ღონისძიებები განახლებული აღმაშენებლის გამზირზე „ახალი ტფილისის" ტერიტორიაზე და ასევე ევროპის მოედანზე გაიმართება, ნათქვამია მერიის განცხადებაში.
სადღესასწაულო ღონისძიებები კვირას „ახალ ტფილისში" ქართველი DJ-ების გამოსვლით დაიწყება: Nika J, Tomma, Bacho, Cobert, Gacha Bakradze, Luna989, Misho Urushadze
პარალელურად, „ევროპის ქუჩაზე" ბავშვებისთვის სპეციალური სივრცეები მოეწყობა, სადაც ბავშვები სამგზავრო ჩემოდნის ჩალაგებას ისწავლიან, ასევე, მიიღებენ ინფორმაციას სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესახებ.
შემდეგ სტარტს აიღებს სახალხო პროექტი „გვიდირიჟორე" — ნებისმიერ მსურველს შეეძლება ორკესტრ უდირიჟოროს. მოგვიანებით დაგეგმილია თოჯინური ოპერა „სევილიელი დალაქი".
"ევროპის ქუჩაზე" დღის განმავლობაში მსურველებს შესაძლებლობა მიეცემათ კულინარიის აკადემიის შეფ-მზარეულების მიერ მომზადებული ქართული და ევროპული სამზარეულო დააგემოვნონ.
დღის ბოლოს ევროპული მუსიკის კონცერტი გაიმართება.
ორშაბათს ღონისძიებები ევროპის მოედანზე გადაინაცვლებს, სადაც გაიმართება მოწყობილი ინსტალაციის — საქართველოსა და ევროკავშირის დროშების განათების საზეიმო ღონისძიება და გრანდიოზული გალა-კონცერტი ქართული ესტრადის ვარსკვლავებისა და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ქალთა გუნდის მონაწილეობით.
სადღესასწაულო ღონისძიება ფეიერვერკით დასრულდება.