თბილისი, 24 მარტი — Sputnik. კრეატიულობის 64-ე საერთაშორისო ფესტივალის (Cannes Lions International Advertising Festival, IAF) შესარჩევი კონკურსი საქართველოში თბილისში 1 აპრილს დაიწყება.
ფესტივალი "კანის ლომები" რეკლამის მწარმოებელთა ერთ–ერთ ყველაზე ავტორიტეტულ საერთაშორისო ფესტივალად მიიჩნევა. ფესტივალის გამარჯვებულები ბრინჯაოს, ვერცხლისა და ოქროს ლომებით და აგრეთვე გრან–პრით ჯილდოვდებიან როგორც სარეკლამო კამპანიების, ისე ტექნიკური მიღწევების სფეროში.
კონკურსი 100 ქვეყნის 15000 მარკეტოლოგს აერთიანებს. ფესტივალის ჟიური მსოფლიოს სარეკლამო სააგენტოების კრეატიული დირექტორებისგან შედგება და კონკურსში იდეასა და მის განხორციელებას აფასებს.
შეგახსენებთ, რომ შარშან კრეატიულობის 63-ე საერთაშორისო ფესტივალის ახალგაზრდულ კონკურსში საქართველომ ოქროს მედალი მოიპოვა. მაშინ კატეგორიაში "ახალგაზრდა მარკეტოლოგი" "საქართველოს ბანკის" წარმომადგენლებმა ანა მარკოზაშვილმა და ნინო უნგიაძემ გაიმარჯვეს. იმავე წელს მესამე ადგილისა და "ბრინჯაოს ლომის" მფლობელი ქართული სარეკლამო კომპანია Leavingstone გახდა, რომელმაც თავისი სარეკლამო პროდუქტი წარადგინა კატეგორიაში PR Lions.
წელს ფესტივალი საფრანგეთის ქალაქ კანში 17-24 ივნისს გაიმართება. რეკლამის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ფესტივალში საქართველო მონაწილეობას უკვე მესამე წელია იღებს.
როგორც საქართველოში "კანის ლომების" საერთაშორისო ფესტივალის წარმომადგენლები იუწყებიან, ქართველი მარკეტოლოგები ხუთ კატეგორიაში იასპარეზებენ: ბეჭდური რეკლამა, ახალგაზრდა მარკეტერები, დიზაინი, ვიდეორეკლამა და ციფრული კამპანიის დაგეგმვა. შესაბამისად, საქართველოს ფესტივალზე ხუთი გამარჯვებული გუნდი წარადგენს.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს სხვადასხვა სარეკლამო და ციფრული სააგენტოების მარკეტოლოგებს, რომელთა ასაკი 30 წელს არ აღემატება, ანუ 1986 წლის 25 ივნისის შემდეგ დაბადებულებს.
კონკურსი იუსტიციის სასწავლო ცენტრში 1, 2 და 8 აპრილს ჩატარდება. კანდიდატებს შეაფასებს კომპეტენტური ჟიური, რომელიც ადგილობრივი და უცხოელი პროფესიონალებით იქნება დაკომპლექტებული.