ნინი რაზმაძე
– როდის დაინტერესდი გრაფიკული დიზაინით?
— გრაფიკული დიზაინით დაახლოებით სამი წლის წინ დავინტერესდი. დავიბადე და გავიზარდე დუშეთში, სკოლაც იქ დავამთვრე. ჯიპაში ჩავაბარე (GIPA – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი) მედია-ხელოვნების კურსზე და მას შემდეგ უფრო სერიოზულად მოვკიდე ხელი ამ საქმეს. ფესტივალამდე სახლში ვმუშაობდი, „ფრილანსერი“ ვიყავი და ინტერნეტის საშუალებით ვიღებდი შეკვეთებს.
– როგორ მოხვდი კანის ლომების ფესტივალზე?
– თავიდან კომპანია „აბეკადან“ დამიკავშირდნენ (სარეკლამო კომპანია ABK) და მკითხეს, ვიღებდი თუ არა მონაწილეობას კონკურსში. გამომდინარე იქიდან, რომ არსად ვმუშაობდი, მონაწილეობას არ ვიღებდი. ამიტომ მათ შემომთავაზეს კომპანიის სახელით გავსულიყავი და მეც დავთანხმდი.
– დავალების შესახებ მოგვიყევი…
— უნდა შეგვექმნა ნიშანი ატომური ნარჩენების ბაზისთვის. ნიშანი არ უნდა ყოფილიყო წარწერა, უნდა ყოფილიყო საერთაშორისო მნიშვნელობის, ნებისმიერი ადამიანი რომ მიმხვდარიყო — სადგურთან მიახლოება საშიშროებას წარმოადგენდა.
გუნდი შედგებოდა ორი ადამიანისგან — კოპირაიტერი, რომელიც ხსნიდა კონცეფციას, რა იდო ნიშანში და დიზაინერი. საკმაოდ რთული აღმოჩნდა თვითონ მუშაობის პროცესი, რადგან რამდენიმე საათში უნდა შეგვექმნა სიმბოლო.
– რატომ მაინც და მაინც ედვარდ მუნკის „კივილის“ გრაფიკული ვარინტი?
– „კივილამდე“ საკმაოდ ბევრი იდეა გვქონდა, მე და ჩემი მეწყვილე განვიხილავდით სხვადასხვა ვარიანტებს, მაგრამ საბოლოდ არჩევანი „კივილზე“ შევაჩერეთ და არც შევმცდარვართ. ჩვენი ნიშანი ისეთი იყო, ახსნაც არ სჭირდებოდა.
მისი ვიზუალი კარგი იყო ჩვენი დავალებისთვის. ნახატი საშიშროებას, შიშს გამოხატავს, სწორედ ის იყო, რაც გვჭირდებოდა, ამიტომ შევჩერდით „კივილზე“.
– მანამდეც მიგიღია მონაწილეობა სხვა კონკურსში?
— არა, ეს კონკურსი ძალიან საინტერესო იყო და ამიტომ დავთანხმდი. საერთოდ არ მიყვარს კონკურსები და ამიტომ არ ვიღებ მონაწილეობას. უნდა ვაღიარო, რომ ისევე, როგორც ყველას, ალბათ, მეც მქონდა ცოტა იმედი გამარჯვების, მაგრამ ოქროს ნამდვილად არ ველოდი. საოცარი შეგრძნებაა, როცა გამარჯვებული ხარ.
– შენი პროექტებიდან ყველაზე მეტად რომელი მოგწონს?
– მარტივად ვერ გამოვარჩევ. ქართული ბაზრისთვის გაკეთებული პროექტებიდან „მუზამეს“ გამოვყოფდი. ასევე საინტერესოა პერსონაჟები თბილისის მეტროს ვაგონებიდან. მეტროდან ერთი ფოტო ავიღე და იმ ფოტოში სხვადასხვა სიტუაცია ავსახე. ასეთი სიტუაცია თითქმის ყოველდღიურად გვხვდება მათ, ვინც მეტროთი ვსარგებლობთ.
– 13 ივნისის ტრაგედიასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ლოგო შენი შექმნილია…
– 13 ივნისს არ ვიყავი თბილისში და ძალიან მინდოდა რაღაც გამეკეთებინა, რითიც გამოვხატავდი ჩემს სოლიდარობას და მხარდაჭერას, ამიტომ გავაკეთო ლოგო ჰიპოს გამოსახულებით.
– სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?
– წინაასწარ არ მიყვარს რამის დაგეგმვა, ყველაფერი თავისით ხდება… ამჟამად ლივინგსტონში ვმუშაობ ერთ-ერთ პროექტზე, რომელსაც, სამწუხაროდ, ვერ გაგიმხელთ, კონფიდენციალურობიდან გამომდინარე არ მაქვს უფლება გაგიმხილოთ.