თბილისი, 24 მარტი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ გააუქმა ეკა მიშველაძის, ამჟამად ქვეყნის პრეზიდენტის პრეს-სპიკერის გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან და მისთვის კომპენსაციის სახით 30 ათასი ლარის გადახდა დააკისრა, აცნობა "Sputnik–საქართველოს" მიშველაძის ადვოკატმა ნონა ქურდოვანიძემ.
მიშველაძე 2016 წლის თებერვალში გაათავისუფლეს. მაშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება მიშველაძის გადაცემის დახურვით არის განპირობებული. მიშველაძემ, თავის მხრივ, საზოგადოებრივი მაუწყებელი კონტრაქტის დარღვევაში დაადანაშაულა, რადგან მას ხელი ჰქონდა მოწერილი უვადო კონტრაქტზე ტელეარხის და არა კონკრეტული გადაცემის წამყვანის პოზიციაზე. მოსარჩელე ითხოვდა გათავისუფლების შესახებ ბრძანების გაუქმებას და სამუშაოზე მის აღდგენას, წლიური ხელფასისა და მორალური კომპენსაციის გადახდას.
"სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სასამართლომ გაითვალისწინა ჩვენი არგუმენტები და ჩათვალა, რომ მიშველაძე სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს. იქიდან გამომდინარე, რომ გათავისუფლება უკანონოდ იქნა აღიარებული, სასამართლომ მოპასუხეს, კერძოდ, საზოგადოებრივ მაუწყებელს ეკა მიშველაძის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით 30 ათასი ლარის გადახდა დააკისრა", — განაცხადა ქურდოვანიძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდეს, თუმცა მოსარჩელე მხარემ ჯერ არ იცის, გააგრძელებს თუ არა სასამართლო დავას. საზოგადოებრივ მაუწყებელში განაცხადეს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და მის გასაჩივრებას აპირებენ.
"ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება სააპელაციოს გზით შეიძლება. გასაჩივრების უფლება აქვს ასევე საზოგადოებრივ მაუწყებელს და ჩვენც იმ ნაწილში, რომელშიც ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა. თუმცა, ჩვენი პოზიცია, ვისარგებლებთ თუ არა ამ უფლებით, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც საფუძვლიანად გავეცნობით სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას და გადავწყვეტთ, რამდენად მიზანშეწონილი იქნება სააპელაციო სასამართლოში დავის გაგრძელება", — აღნიშნა ქურდოვანიძემ.
ეკა მიშველაძის წასვლას საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩევლის ბასა ჯანიკაშვილის განცხადების შემდეგ საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მან განაცხადა, რომ მიშველაძეს წამყვანის პოზიციაზე მუშაობისას, შესაძლოა, ინტერესთა კონფლიქტი ჰქონოდა იმის გამო, რომ მისი მეუღლე ოპოზიციონერი ალექსი პეტრიაშვილია. პეტრიაშვილი უფრო ადრე იყო საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ასევე პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი.
საზოგადოებრივი მაუწყებელი სახელმწიფო ტელერადიოკომპანიაა.