დღეს გადავწყვიტეთ, მოგაწოდოთ ინფორმაცია მცენარე ზაფრანას შესახებ, რომელსაც არაფერი აქვს საერთო იმერულ ზაფრანასთან. ამ ორ სანელებელს არც თუ იშვიათად, ერთმანეთში ურევენ.
ზაფრანა, კროკო, შაფრანი (Crocus sativus L.) — ზამბახისებრთა ოჯახის, მრავალწლოვანი, ბოლქვიანი, მიწისზედა ღეროებს მოკლებული, ბალახოვანი მცენარეა. იისფერი ყვავილი პირდაპირ ბოლქვიდან ამოდის. კროკუსის გვარი აერთიანებს 80-მდე სახეობას, რომლებიც გავრცელებულია ევროპასა და აზიის ქვეყნებში. საქართველოში გვხვდება ამ გვარის 6 სახეობა. მათგან Crocus autranii აფხაზეთის ვიწრო ენდემური სახეობა, მხოლოდ აფხაზეთში იზრდება. Crocus scharojani კი — კავკასიის ენდემია.
ზაფრანა უძველესი დროიდან ითვლება ყველაზე ძვირადღირებულ სანელებლად. საქართველოში არ გვხვდება სანელებლად გამოყენებული სახეობა Crocus sativus L., ცნობილი კულტურაში 4000 წელზე მეტი, წარმოიშვა Crocus cartwrightianus Herb. მუტაციის შედეგად. ეს მცენარე, როგორც სუნელი, უცხოა ქართული კულინარიისთვის. ძნელია მცენარის წარმომავლობის დადგენა, რამდენადაც, ველური ფორმით ბუნებაში არ გვხვდება. არსებობს მოსაზრება, რომ მცენარის სამშობლოა ინდოეთი, მცირე აზია, ან ირანი. ზოგიერთი მეცნიერი ზაფრანის სამშობლოდ ბალკანეთის ნახევარკუნძულს თვლის. კამათი ზაფრანის წარმოშობის შესახებ დღემდე გრძელდება.
ისტორიული წყაროების მიხედვით, ზაფრანა გავრცელდა მინოის ცივილიზაციის (ბრინჯაოს ხანის ეგეოსის ცივილიზაცია კუნძულ კრეტაზე ძვ.წ.აღ. 2700-1400 წწ.), დროს საბერძნეთის კუნძულ კრეტადან. ევროპაში შეტანილ იქნა ჯვაროსნული ლაშქრობების დროს, 1096-1270 წლებში, შემდეგ კი გავრცელდა დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში.
მცენარის სამკურნალო თვისებები ცნობილია ძვ.წ.აღ. 2600წწ. დათარიღებული ჩინური სამედიცინო წიგნებიდან. ცნობები ზაფრანის შესახებ მოცემულია, აგრეთვე, ძვ.წ.აღ.1500წწ. ეგვიპტურ პაპირუსებშიც.
მცენარეში უხვადაა ეთერზეთები, გლიკოზიდები, გუმფისი, ვიტამინები თიამინი და რიბოფლავინი, ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C), ვიტამინი B1, B2, ფლავონოიდები და ცხიმოვანი მჟავები (6,8 %), შაქარი, გლუკოზა, კალციუმის და ფოსფორის მარილები. პიგმენტები კაროტინი, ანთოციანი.
ჯერ კიდევ ჰიპოკრატე, დიოსკორიდე, კოლუმელა, ბერძენი და რომაელი ექიმები განწყობის ასამაღლებლად ზაფრანას უმატებდნენ ოპიუმს. ზაფრანის ნაყენს იყენებდნენ მშობიარობისა და მენსტრუალური ტკივილების დროს. აგრეთვე, ისტერიის, იპოქონდრიის და სიყვითლის სამკურნალოდ.
სასარგებლო თვისებების გამო, ზაფრანა ფართოდ გამოიყენება აღმოსავლეთის ქვეყნების ფარმაცევტულ წარმოებაში. 300-მდე სამკურნალო საშუალება მზადდება მისი ექსტრაქტის გამოყენებით. ზაფრანას ექსტრაქტი შედის ბიოლოგიურად აქტიური დანამატების და თვალის წვეთების შემადგენლობაში.
ზაფრანის ნაყენი გამოიყენება როგორც მასტიმულირებელი საშუალება გულის დაავადებების, ლეიკემიის, სტენოკარდიის, შარდ-კენჭოვანი დაავადებების, ცისტიტის, ურეთრიტის, ეპილეპსიური კრუნჩხვების დროს. მოქმედებს როგორც ტკივილგამაყუჩებელი, სედატიური, შარდმდენი, ანტისპაზმური, ანტებისსაწინააღმდეგო, ნაღველმდენი, ბაქტერიციდული საშუალება. ხსნის დაძაბულობას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას.
ზაფრანას ნაყენი ბუნებრივი ანტიბიოტიკია. წმენდს სისხლს. ასტიმულირებს სისხლის ახალი უჯრედების წარმოქმნას, ხელს უწყობს ქსოვილების გაახალგაზრდავებას. აღმოსავლეთის ქვეყნების მედიცინაში გამოიყენება მომნელებელი ტრაქტის ორგანოების და გინეკოლოგიური დაავადებების, ნაწლავური პოლიპების, კატარაქტის, უძილობის, ბუასილის სამკურნალოდ. ეფექტურია ძნელად შესახორცებელი წყლულოვანი ჭრილობების დროს. დევნის კენჭებს თირკმელებიდან და შარდის ბუშტიდან.
ზაფრანა, როგორც სანელებელი, ფართოდ გამოიყენება კულინარიაში მისი მძაფრი, სპეციფიური არომატისა და ცხარე გემოს წყალობით, რასაც ანიჭებს მცენარეში შემავალი გლიკოზიდები. სამტვრეები და ბუტკოს დინგები შეიცავს მოყვითალო-სტაფილოსფერ პიგმენტ კაროტინს. ამ თვისებების გამო, ყვავილის ეს ნაწილები ფართოდ გამოიყენება, როგორც საღებავი საშუალება და არომატიზატორი საკონდიტრო წარმოებაში, კულინარიაში, აგრეთვე, ყველის, ძეხვეულის და ლიქიორების წარმოებაში. 1 კგ. მშრალი მასის მისაღებად საჭიროა 40-60 000 ყვავილი. ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან მე-18 საუკუნიდან დიდ ფართობებზე მოჰყავთ აზერბაიჯანში (აფშერონის ნახევარკუნძულზე).
უხსოვარი დროიდან, შუმერული ცივილიზაციების წარწერებში, ეგვიპტურ პაპირუსებზე, სოლომონის, ჰომეროსის, ჰიპოკრატეს ნაწერებში ზაფრანა ცნობილი იყო, როგორც სასარგებლო მცენარე, საღებავი, სამზარეულოს მდიდრული სანელებელი, როგორც ძვირფასი სამკურნალი საშუალება. ბაბილონის მეფეები და მიდიები ტანისამოსსა და ქსოვილებს ყვითლად და ოქროსფრად ღებავდნენ ზაფრანის ნაყენით.
ზაფრანა მოხსენიებულია კოლხურ ლეგენდებშიც. ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, არგონავტმა იაზონმა, კოლხიდაში, ხარებთან შერკინების წინ, ზაფრანის წვენით ოქროსფრად შეღებილი "ცეცხლოვანი" ტანსაცმელი მოიხსნა და ცხოველებს აუფრიალა.
ზაფრანა, როგორც სანელებელი, ინგლისში ცნობილია XVI საუკუნის პირველი ნახევრიდან, მეფე ჰენრიხ VIII დროიდან. მათრობელა ეფექტის გასაძლიერებლად, როგორც აფროდიზიაკი, ზაფრანას უმატებდნენ ღვინოს. ზაფრანას ნაყენი შედის იაპონელების ტრადიციული სასმელის — საკეს შემადგენობაში.
მცენარეს მაგიურ თვისებებსაც აწერენ. ძველი ხალხები საყვარელი ადამიანის ერთგულებისათვის მწიკვ ზაფრანას ყრიდნენ ცეცხლში. მეორე ნახევრის მოსაძებნად კი მცენარეს ზრდიდნენ ქოთანში. მაგები ზაფრანას იყენებდნენ შიშის, სიბრაზის, შურისა და სიძულვილის დასაძლევად. თვლიდნენ, რომ მცენარე ეხმარება ადამიანს საკუთარ თავთან ჰარმონიის მიღწევაში, მატებს სიცოცხლის ხალისს, აღვივებს სასიყვარულო ენერგიებს და ოპტიმიზმს. მჩხიბავები ზაფრანის ზეთს იყენებდნენ მომავლის უკეთ დასანახად. აღმოსავლეთის ქვეყნებში ითვლება, რომ ზაფრანას ფურცლები აღრმავებს სიცოცხლის ფილოსოფიური სიბრძნის უნარს, არ აძლევს ადამიანს სახლის და ახლობლების დავიწყების საშუალებას.
ინგლისელები თვლიან, რომ ზაფრანას ზემოქმედებით მამაკაცები ემსგავსებიან შუა საუკუნეების რაინდებს. მცენარე აღვივებს რომანტიულ განწყობას, აღრმავებს გრძნობებს და უბიძგებს მამაკაცებს კეთილშობილური საქციელისკენ. საოცარი გარდაქმნის დასაჩქარებლად კი რეკომენდებულია იისფერი ზაფრანებით ხშირი ტკბობა. ალბათ ამ მოსაზრებით გააშენეს 1422 წლიდან ჯვაროსნული ლაშქრობებიდან დაბრუნებულმა რაინდებმა ვალაისის "ზაფრანის მდელოები" (krummenegga), რომელიც შვეიცარიის ალპების ერთერთ მშვენებას წარმოადგენს.
და სტატიის ბოლოს — როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ნამდვილ ზაფრანასთან გვაქვს საქმე — ამაში ეს ვიდეო დაგეხმარებათ: