თბილისი, 23 მარტი — Sputnik. მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ახალი პანთეონი თბილისში, მახათას მთაზე, ნახევარ წელიწადში გაიხსნება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის, მაკა ნასრაშვილის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
ახალი პანთეონი ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძრის სიახლოვეს განთავსდება. დედაქალაქის ბიუჯეტიდან ამისთვის 1,3 მილიონი ლარი გამოიყო.
„მუნიციპალიტეტმა მას (სასაფლაოს) სტატუსი და დასახელება „ახალი პანთეონი" მიანიჭა. გამოყოფილია თითქმის 2 ჰექტარი ფართობის ტერიტორია. პირველ ეტაპზე მოეწყობა 200 ადგილი", — განაცხადა ნასრაშვილმა.
უკვე დასრულდა პანთეონის მშენებლობასა და მოწყობასთან დაკავშირებული ტენდერი. ამჟამად ზუსტდება ტექნიკური დეტალები, რის შემდეგ თბილისის მერია ტენდერში გამარჯვებულს გამოაცხადებს და მასთან შესაბამის შეთანხმებას გააფორმებს.
ახალი პანთეონის გახსნის აუცილებლობა იმან გამოიწვია, რომ დედაქალაქის ხელისუფლებამ, ადგილების არარსებობის გამო, 2015 წელს დიდუბის პანთეონი დახურა.
მახათას მთაზე ახალი პანთეონის მშენებლობის გადაწყვეტილებამ რიგი ხელოვანების, მწერლებისა და კომპოზიტორების უკმაყოფილება გამოიწვია. მათ ხელი მოაწერეს პეტიციას მოთხოვნით, რომ ახლის აშენების ნაცვლად, გაფართოებულიყო დიდუბის პანთეონი.
„ტერიტორიისკენ, სადაც ახალი პანთეონი განთავსდება, მიმავალი გზა მთლიანად გარემონტდა. იქ შენდება ღვთისმშობლის ივერიის ხატის სახელობის უზარმაზარი ტაძარი, რომელიც მთელი ქართული საზოგადოების სავანე გახდება, ხოლო ტაძრის მოპირდაპირედ განთასდება პანთეონი. იქიდან იშლება მშვენიერი ხედი — ერთი მხრიდან ჩანს თბილისი, მეორე მხრიდან — ტაძარი", — აღნიშნა ნასრაშვილმა.