კაცი მშრალ ხიდზე, ანუ ხელოვნების ნიმუშად გარდაქმნილი ვინილის ფირფიტები

© Sputnik / Levan Avlabreliდეკორატიული ფირფიტების ავტორი საკუთარ ნაშრომებთან
დეკორატიული ფირფიტების ავტორი საკუთარ ნაშრომებთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik–საქართველოს კოლუმნისტი ეკატერინე მიქარიძე უნიკალურ თბილისელ ოსტატს ესაუბრა, რომელიც ვინილის ფირფიტებს ხელოვნების ნიმუშებად გარდაქმნის.

ჩემ ძველ ეზოში მრავალშვილიანი ოჯახი ცხოვრობდა. შვილებიდან ყველაზე უმცროსი 16 წლისა იყო და ჯუკა ერქვა. დამსვამდა ხოლმე იატაკზე, ბაბინებიან მაგნიტოფონს ჩართავდა და ასანთის ღერებით სახლების აგებას იწყებდა. საათობით ვაკვირდებოდი ჯუკას მოძრაობებს და მბრუნავ ბაბინებს, რომლებშიც იყო რაღაც მაგიური…

გავიდა დრო, ბაბინები კასეტებმა შეცვალა და ძველმა მაგნიტოფონმაც ჯერ „სკივრში“ გადაინაცვლა, მერე კი საერთოდ გადავაგდეთ. იგივე ბედი ეწია ფირფიტებსაც, მაგრამ ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე, რომ ისინი სამუდამოდ არ გამქრალა.

ეს იმ ძველ მეგობართან შეხვედრას ჰგავდა, რომელთანაც ცხოვრების საუკეთესო პერიოდი გაქვს გატარებული. ოღონდ ეს ჩვეულებრივი ფირფიტები კი აღარ იყო, არამედ ნამდვილი ხელოვნების ნიმუშები!

© Sputnik / Levan Avlabreliდეკორატიული ფირფიტების ავტორი მამუკა გობეჯიშვილი
დეკორატიული ფირფიტების ავტორი მამუკა გობეჯიშვილი - Sputnik საქართველო
დეკორატიული ფირფიტების ავტორი მამუკა გობეჯიშვილი

მამუკა გობეჯიშვილი ერთ-ერთი პირველია, ვინც საქართველოში ვინილის ფირფიტებისგან ნაკეთობების შექმნა დაიწყო. ფირფიტებზე მუსიკალური ჯგუფების მონაწილეებს პატარა ხერხით კვეთდა და მერე მშრალ ხიდზე გაჰქონდა გასაყიდად. იქ მას ყველა იცნობს, მამუკა იქ პოპულარული ფიგურაა.

და აი, მამუკას პატარა, მყუდრო ბინის სამზარეულოში ვსხედვართ, არომატულ ყავას მივირთმევთ და ვბაასობთ. ათი წუთის შემდეგ კი ვარკვევთ, რომ მე და მამუკა ახლა ხომ ვართ უბნელები, მაგრამ ბავშვობაშიც ძველთბილისური უბნელები ვყოფილვართ და პარალელურ ქუჩებზე გვიცხოვრია.

© Sputnik / Levan Avlabreliსაავტორო დეკორატიული ფირფიტები - რობერტ ლონგი
საავტორო დეკორატიული ფირფიტები - რობერტ ლონგი - Sputnik საქართველო
საავტორო დეკორატიული ფირფიტები - რობერტ ლონგი

უფრო მეტიც, მამუკა სწორედ იმ ჯუკას მეგობარი ყოფილა, რომელიც ბაბინებიანი მაგნოტოფონით მუსიკალურ გემოვნებას მიყალიბებდა.

მეორედ დაბადება

შემოქმედებითი საწყისს ამ კაცში ბავშვობაშივე უჩენია თავი. მამუკა ექვსი წლიდან ხატავდა, მერე „სუხიშვილებში“ ცეკვავდა და დიდ წარმატებასაც მიაღწია, კიდევ ფორტეპიანოსა და გიტარაზე უკრავდა… როდესაც პროფესიის არჩევის დრო დადგა, ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩააბარა, თუმცა სპეციალობით ერთი დღეც არ უმუშავია.

© Sputnik / Levan Avlabreliსაავტორო დეკორატიული ფირფიტები
საავტორო დეკორატიული ფირფიტები - Sputnik საქართველო
საავტორო დეკორატიული ფირფიტები

რუსეთში დიდ ხანს უცხოვრია. საქართველოში დაბრუნებულს ბევრი სამსახური გამოუცვლია. მძიმე დრო იყო, თავი როგორმე უნდა გამეტანაო, ოხვრით ამბობს მამუკა.

მერე მთხოვს, ხმამაღლა მელაპარაკეო და ყურის აპარატზე მანიშნებს… სამი წლის წინ მეექვსე სართულიდან გადმოვარდნილა და დიდხანს ყოფილა კომაში. გონზე რომ მოსულა, კიდევ კარგა ხანს უბრძოლია ფეხზე დასადგომად. ერთ მშვენიერ დღეს კი ხელში ფირფიტა აუღია და  და მასზე ნახატის კვეთა დაუწყია.

© Sputnik / Levan Avlabreliსაავტორო დეკორატიული ფირფიტები
საავტორო დეკორატიული ფირფიტები - Sputnik საქართველო
საავტორო დეკორატიული ფირფიტები

მერე და მერე მამუკამ ოსტატობა სრულყოფილებამდე დახვეწა. ახლა საშუალო სირთულის ნამუშევარზე გაცილებით ნაკლები დრო ეხარჯება, ვიდრე თავიდან. თუ ხასიათზეა, ერთ დღეში შვიდი ფირფიტის გამოჭრაც კი შეუძლია.

ოსტატობის საიდუმლო

მამუკა ამბობს, თუ განწყობაზე არ ხარ, ფირფიტა შეიძლება ხელში შემოგემტვრესო.

„ჯერ ინტერნეტში ვეძებ მომავალი გმირის, ჯგუფისა თუ მსახიობის ლამაზ სურათს, თანაც, საუკეთესოს, მერე კი ფოტოშოფში ვამუშავებ. ამის შემდეგ ვჭრი ტრაფარეტს, ვადებ ფირფიტას, შემოვხატავ და ვჭრი. თუ გინდა ყველაფერი გამოვიდეს, საქმეში მთელი სული და გული უნდა ჩადო. თავიდან ღამეები არ მეძინა,  ნამუშევრებს ვხვეწდი", — ამბობს მხატვარი.

— წამობრძანდით, გაჩვენებთ, როგორ ვმუშაობ, — ამ სიტყვებით მამუკა დგება და საძინებლისკენ მიდის. სკამზე ჯდება, ხელში ბურღს იღებს (წლებთან ერთად მისმა იარაღებმა მოდერნიზაცია განიცადა) და ნახატს აკურატულად მიყვება.

© Sputnik / Levan Avlabreliსაავტორო დეკორატიული ფირფიტები - ჯო კოკერი
საავტორო დეკორატიული ფირფიტები - ჯო კოკერი - Sputnik საქართველო
საავტორო დეკორატიული ფირფიტები - ჯო კოკერი

ფირფიტებზე მუშაობას თავისი საიდუმლო ჰქონია.  აი, მაგალითად, თურმე აუცილებლად უნდა გაითვალისწინო მისი სისქე.

„თუ დისკი სქელია და მასში ბევრი ვინილია, დამუშავებისას შეიძლება დაიფშვნას. საბჭოთა ფირფიტები ყველა სქელია, ევროპული კი პირიქით, თხელი. სქელ ფირფიტებში ვინილის სიმკვრივე ნაკლებია და ისინი უფრო მტვრევადია, ევროპული კი უფრო დრეკადი. მზიან ამინდში ფირფიტებს დახლიდან ვიღებ და ვინახავ, თორემ გათბება და დეფორმაციას მიიღებს", — ამ სიტყვებით ამთავრებს მამუკა პრაქტიკულ გაკვეთილს.

მერე დგება და სტენდზე ნამუშევრებს ალაგებს. ვის აღარ ნახავთ ამ მუსიკალურ კომპანიაში?! აქ არის: Beatles, Deep Purple, Ray Charles, Red Hot Chili Peppers, Pink Floyd, Ozzy Osbourne, ლეგენდარული Queen და უამრავი სხვა მსოფლიო ვარსკვლავი.

უკვე რამდენიმე ათეული წელია, რაც ვინილის ფირფიტები აღარ იწარმოება. შესაბამისად, მამუკას თითქოს უნდა უჭირდეს მასალის მოძიება, მაგრამ ეს ასე არ არის. თურმე ფირფიტების შეძენა მშრალ ხიდზეც შეიძლება და ნაცნობების დახმარებითაც. ახლახან ძალიან გამიმართლაო, ამბობს მამუკა და გარდერობის უკან გადამალულ ტომარას გვიჩვენებს:

„ნაცნობმა პედაგოგმა, ხელოვნებათმცოდნემ, ფირფიტებით სავსე ტომარა მომიტანა. 350 ცალში 30 ლარი გადავიხადე. ფაქტობრივად, მუქთად ჩამივარდა ხელში".

© Sputnik / Levan Avlabreliსაავტორო დეკორატიული ფირფიტები - "როლინგ სთოუნზი"
საავტორო დეკორატიული ფირფიტები - როლინგ სთოუნზი - Sputnik საქართველო
საავტორო დეკორატიული ფირფიტები - "როლინგ სთოუნზი"

თბილისი — ატრაქციონული ქალაქი

მამუკას ფირფიტებს უფრო მეტად უცხოელები ყიდულობენ. რამდენიმე დღის წინ კი ფირფიტების დიდი პარტია გაგზავნა გერმანიაში.

"ერთი ცოლ–ქმარი გავიცანი. ქმარი გერმანელია, ცოლი — ქართველი.  გერმანიაში ცხოვრობენ. საკუთარი ბიზნესი აქვთ — ხმის ჩამწერი სტუდია-მაღაზია. ძალიან ჭკვიანურ მარკეტინგულ სვლას მიაგნეს: კლიენტს დისკს რომ უწერენ, დამატებით ჩემს ფირფიტას ჩუქნიან. ისიც მხიარული და კმაყოფილი რჩება. აი, ასე კოხტად და დახვეწილად იზიდავენ კლიენტებს".

ზოგ ფირფიტაზე მუსიკალურ ბილიკებს არ შლის. ანუ, თუ არის საშუალება, ისე გამოჭრას ნახატი, რომ ბილიკები არ დაზიანდეს, ხელუხლებელს ტოვებს და მათი მოსმენაც კი შეიძლება.

„ისეც ხდება, რომ ადამიანები მოდიან, დგანან, უყურებენ ფირფიტებს და წარსულს იხსენებენ. მათ ხომ ამ ფირფიტებთან ბევრი რამ აკავშირებთ: პირველი ცეკვა, პირველი კოცნა, სიყვარულის ახსნა…  ეს ფირფიტები ბევრისთვის ძალიან ძვირფასი წარსულიცაა".

— იცით, რომელია ყველაზე მაგარი ხმა, რომელსაც ფირფიტა გამოსცემს?— ღიმილით მეკითხება მამუკა.

არა-მეთქი, თავს ვაქნევ უარის ნიშნად.

— გახსოვთ რა ხმას გამოსცემდა ფირფიტა, როცა სიმღერა მთავრდებოდა? ეს რაღაცნაირი ვნებიანი თუ სევდიანი შიშინია, რომელსაც სულ გინდა, უსმინო…

ყველა ახალი ამბავი
0