თიხით შექმნილი სამკაული და ფერთა საოცარი გამა

© Irena Makharadzeირენა მახარაძე
ირენა მახარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირენა მახარაძე პროფესიით ხელოვნებათმცოდნეა. მისი თქმით, როცა პოლიმერული თიხა "გაიცნო", იგი ყველაზე ახლოს აღმოჩნდა მის ბუნებასთან. ბავშვობაში დედა ასწავლიდა თიხაზე მუშაობას. ქალბატონი ირენას თქმით პოლიმერული თიხა არის მასალა, რომელიც თავისი ბუნებით ჩანაფიქრის ორიგინალურად გადაწყვეტის საშუალებას აძლევს ხელოვანს.

ძალიან მრავალფეროვანი და საოცარია ქალბატონი ირენას ხელოვნება. იგი ამ ყველაფერზე თავად გესაუბრებათ.

- სანამ თქვენ ულამაზეს ნამუშევრებს გავაცნობდეთ ჩვენს მკითხველს. თქვენს შესახებ მოგვიყევით. რა პროფესიის ხართ? რას საქმიანობთ?

— პროფესიით ხელოვნებათმცოდნე ვარ. უკვე თითქმის ოთხი წელია IrenDesign Handmade ბრენდის სახელით ვქმნი სამკაულებს,  ვმუშაობ საქართველოს ღვინის კლუბში. პარალელურად სამხატვრო სტუდია "არტისტში" ბავშვებს ვასწავლი.

- როდის მიხვდით, რომ ხელნაკეთი ნივთების შექმნა გიტაცებდათ?

— სხვადასხვა მასალისგან საკუთარი ხელით ნივთებს სულ ვაკეთებდი. ყოველთვის სიამოვნებით ვმუშაობდი, თუმცა ინტერესების სფერო განსხვავებული იყო. როცა პოლიმერული თიხა "გავიცანი", ყველაზე ახლოს ის აღმოჩნდა ჩემს ბუნებასთან.

© Irendesign Handmadeნაძვის ხის სათამაშოები
ნაძვის ხის სათამაშოები - Sputnik საქართველო
ნაძვის ხის სათამაშოები

- ბავშვობაშიც იყავით მსგავსი საქმიანობით გატაცებული?

— კი, თან ყველაფერს დედა მასწავლიდა. მიკვირდა როგორ ახერხებდა ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მასალისგან ორიგინალური დიზაინის მძივები, ჩანთა ან ტანსაცმელი შეექმნა. ხატვაც მიყვარდა ძალიან. მერე კი ამ სიყვარულმა გადამაწყვეტინა ხელოვნებათმცოდნეობა შემესწავლა, რომ უფრო ახლოს ვყოფილიყავი მხატვრობასთან.

- ძალიან მრავალფეროვანია თქვენი ხელოვნება. რა ნივთებს ქმნით? მათ შესახებ გვესაუბრეთ.

— ვქმნი სამკაულებს, აქსესუარებს, დეკორატიული ნივთებს, სუვენირებს. მუშაობის დროს ვცდილობ ჩემთვის მნიშვნელოვანი დეტალები მხატვრულ მასალაში გადავიტანო, რომელსაც მგონია, რომ ძალიან ბევრის თქმა შეუძლია. ისინი ჩემ მაგივრად ყვებიან ამბებს, რომელიც პირადად შემეხო. შემდეგ აღმოვაჩენ ხოლმე, რომ თურმე სხვასაც ეხება, ჩემნაირად. და ეს ემოციური კავშირი მეტად ამაღელვებელია, შთამაგონებს და შემოქმედებითი ენერგიით მავსებს. ნამუშევრების შეფუთვას ყოველთვის დიდ ყურადღებას ვაქცევ, მინდა ადრესატთან მივიდეს, როგორც გამორჩეული და განსაკუთრებული საჩუქარი.

© Irendesign Handmadeბეჭდები
ბეჭდები - Sputnik საქართველო
ბეჭდები

- რა მასალას იყენებთ მუშაობის დროს?

— ძირითადი მასალა პოლიმერული თიხაა, რომელიც თავისი ბუნებით ჩანაფიქრის ორიგინალურად გადაწყვეტის საშუალებას მაძლევს. თიხის ფერების შერევით, ულამაზესი ორნამენტების შექმნა შეიძლება ბეჭდების, საყურეების და გულსაბნევებისთვის. თიხასთან ერთად ვიყენებ სხვა მასალასაც: ქვას, ხეს, მეტალს, საღებავს, ასევე თიხის ზედაპირის დამუშავების სხვადასხვა ტექნიკას.

- რა გრძნობა გეუფლებათ, როცა თქვენი შექმნილი სამკაულით თავს იწონებენ?

— ძალიან მიხარია, როცა ვხედავ, რომ მეგობრები ატარებენ ჩემს ნაკეთობებს. ასევე სასიამოვნოა, როცა უცნობი ადამიანები ჩემი სამკაულებით გადაღებულ ფოტოებს მიგზავნიან. მიხარია და თან მაოცებს ეს ამბავი, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი დეტალი შეიძლება სრულიად უცხო ადმიანისთვისაც ახლო აღმოჩნდეს.

© Irendesign Handmadeბეჭდები
ბეჭდები - Sputnik საქართველო
ბეჭდები

- რთული არ არის პატარა ზომის სამკაულზე ნახატების გადატანა? როგორ ახერხებთ ამას?

— მიყვარს სამკაულებში ჩემი საყვარელი მხატვრების ნამუშევრების ფრაგმენტების გამოყენება. ტექნიკურად საკმაოდ შრომატევადი პროცესია. სასურველი შედეგის მისაღებად თიხასთან ერთად სხვადასხვა მასალის შერევა მჭირდება. ეს პროცესი ცოტათი ექსპერიმენტულიცაა. მუშაობის დროს ყველაზე მეტად სწორედ ეს მხიბლავს.

- ფერების საოცარი შეხამება იგრძნობა თქვენს ნამუშევრებში. როგორ ქმნით ფერთა გამას? ალბათ ეს უფრო სულის გამოძახილია.

— ფერების შერჩევა სპონტანურად ხდება, კონკრეტული ემოციური მდგომარეობის გამომხატველია ალბათ, იმ თემის, თუ მოტივის მიხედვით, რაზეც მოცემულ მომენტში ვმუშაობ.

© Irendesign Handmadeმძივი
მძივი - Sputnik საქართველო
მძივი

- ჩემი ყურადღება მიიქცია თქვენს მიერ შექმნილმა ანგელოზებმა. რამე სიმბოლური დატვირთვა ხომ არ აქვთ ამ ანგელოზებს?

— ჩემი საყვარელი თემაა საშობაო ანგელოზები — ფერად კაბებში გამოწყობილები, სიმბოლური ატრიბუტებით ხელში, სიყვარულის, სიკეთის განსახიერებაა ჩემთვის და განსაკუთრებით მოსწონთ საახალწლო საჩუქრებად.

- სამომავლო გეგმებზე გვიამბეთ…

— როგორც გითხარით, ვმუშაობ საქართველოს ღვინის კლუბში. ახლა სწორედ, ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის, "ახალი ღვინის ფესტივალი 2017" —ის სამზადისში ვართ, რომელიც 13 მაისს მთაწმინდის პარკში ჩატარდება.

ყველა ახალი ამბავი
0