თბილისი, 22 მარტი — Sputnik. გრიპის მეორე ტალღა, რომელიც საქართველოში თებერვლის ბოლოს დაიწყო, დღემდე გრძელდება, განუცხადა "Sputnik საქართველოს" იაშვილის სახელობის თბილისის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.
მისი თქმით, იანვართ შედარებით საავადმყოფოში მიმართვიანობა ორჯერ გაიზარდა. სამედიცინო დახმარებისთვის საავადმყოფოს დღეში 120-დან 140-მდე ბავშვი მიმართავს მაშინ, როდესაც იანვარში მათი რაოდენობა 70-80 იყო.
"გრიპის მეორე ტალღა ყოველს წელს არის. პირველი დეკემბერშია, ხოლო მეორე თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში იწყება. არ ვიცი, რა მდგომარეობაა მოზრდილთა კლინიკებში, მაგრამ ჩვენთან, პედიატრიულ კლინიკაში მეორე ტალღა სწორედ თებერვლის ბოლოს დაიწყო და ჯერ არ დამთავრებულა", — განაცხადა ჩხაიძემ.
მან აღნიშნა, რომ იაშვილის საავადმყოფოში, ძირითადად, ხუთ წლამდე ბავშვები მიჰყავთ. ამასთან, ბავშვებს არანაირი გართულება არ ჰქონიათ და ყველა საჭირო სამკურნალო კურსს გადის.
"რთული სათქმელია, როდის დასრულდება ეს ტალღა, მაგრამ მომართვიანობის შემცირება უკვე შეინიშნება. თუ გრიპით დაავადების შემთხვევები არ გაიზრდება შემდგომი რამდენიმე დღის განმავლობაში, მაშინ შეიძლება ვთქვათ, რომ ეს გადავიტანეთ", — აღნიშნა ჩხაიძემ.
მოზრდილებში გრიპით დაავადების ბოლო სტატისტიკის მიხედვით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ლაბორატორიულად გამოვლინდა გრიპის 338 შემთხვევა. აქედან 118 შემთხვევა არის B ტიპის გრიპის ვირუსი, ხოლო 220 — A/H3.
B ტიპის გრიპის ვირუსი მხოლოდ ადამიანებში ვრცელდება და А ტიპის ვირუსთან შედარებით, პრაქტიკულად, მძიმე ეპიდემიებს არ იწვევს.