თბილისი, 13 დეკემბერი – Sputnik. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ ქვეყანაში გრიპის ეპიდემია არ არსებობს. დღეის მდგომარეობით ყოველ 100 ათას მოსახლეზე 254 დაავადებული ადამიანია.
გრიპის ეპიდემიად ითვლება მაჩვენებელი, როცა 100 ათას მოსახლეზე 500 დაავადებული ადამიანი მოდის.
„ხვალიდან სასწავლო დაწესებულებებში, ბაღებსა და სკოლებში სტანდარტული პროტოკოლი ამოქმედდება. ყოველდღიური შეტყობინების საფუძველზე თუ გამოუცხადებლობა 40%-ს გადააჭარბებს, ასეთი დაწესებულება 3 დღის განმავლობაში დაიკეტება“, — განაცხადა მინისტრმა ბრიფინგზე.
მინისტრმა მოუწოდა მშობლებს, ბავშვებს ხელები ხშირად დაბანონ.
„სუფთა ხელები ინფექციისგან ყველაზე კარგად იცავს“, — აღნიშნა სერგეენკომ.
მინისტრმა მოსახლეობას ასევე მოუწოდა, გრიპის სიმპტომების შემთხვევაში არა გადაუდებელი დახმარების მართვის ცენტრ „112“-ს, არამედ ოჯახის ექიმს მიმართონ, რადგან გრიპის გამო გაზრდილი რაოდენობით გამოძახება პრობლემას უქმნის სასწრაფო დახმარების ბრიგადებს, რომლებიც ამის გამო შეფერხებით აღწევენ ნამდვილად მძიმე ავადმყოფებთან.
ჯანდაცვის სამინისტრომ სეზონურ გრიპთან საბრძოლველად დამატებითი სახსრები გამოყო.