თბილისში გრიპით დაავადების შემთხვევები გახშირდა

გამოწერა
წელს გრიპის გართულება ფილტვების ანთების სახით ვლინდება.

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. თბილისის იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ კლინიკაში ბოლო ორი კვირის განმავლობაში გაიზარდა მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციებით დაავადებული პაციენტების რაოდენობა, განუცხადა „Sputnik საქართველოს“ სამედიცინო დაწესებულების მთავარმა ექიმმა ივანე ჩხაიძემ.

ამ სეზონზე პირველი, ლაბორატორიულად დადასტურებული H3N2 ვირუსის შემთხვევა გასულ კვირაში გამოვლინდა. სპეციალისტები დაავადებების გახშირებას უახლოეს სამ თვეში ვარაუდობენ.

„ბოლო ორ კვირაში, ოქტომბრის მეორე ნახევართან შედარებით, შედარებით გახშირდა პაციენტების მომართვიანობა მწვავე რესპირატორული დაავადებებით. გასული წლების სტატისტიკის გათვალისწინებით, ამას ველოდებოდით. პაციენტების ასაკი ხუთ წლამდე ფარგლებშია“, — განაცხადა ჩხაიძემ.

თერმომეტრი - Sputnik საქართველო
თბილისში H3N2 ვირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

მისი თქმით, წელს გართულება, ძირითადად, ფილტვების ანთებით ვლინდება. როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, იაშვილის კლინიკაში პაციენტების უმრავლესობას სწორედ ამგვარი გართულება აღნიშნება.

კლინიკები მჭიდროდ თანამშრომლობენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან, რომელთან ერთადაც თითოეული შემთხვევის მონიტორინგი ხორციელდება.

იაშვილის კლინიკაში აღნიშნავენ, რომ მათთან ჯერჯერობით ლაბორატორიულად დადასტურებული ვირუსები H1N1 (ღორის გრიპი) ან H3N2 დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან ვირუსების მუტაციის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ შემოსულა, აღნიშნა ჩხაიძემ. ბოლო მონაცემებით, ახალი ტიპის ვირუსის ცირკულაცია ამ სეზონზე ჯერჯერობით არ შეინიშნება.

„ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ვირუსის მუტაცია ნიშნავს, რომ იქნება ეპიდემია, პანდემია. 2016-2017 წლების სეზონზე არც პანდემიას და არც ეპიდემიას არ ველოდებით“, — აღნიშნა ჩხაიძემ.

ყველა ახალი ამბავი
0