თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში ლაბორატორიულად დადგენილი H3N2 ვირუსის ამ სეზონზე პირველი შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით.
შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და საავადმყოფოში გადაყვანა არ ესაჭიროება.
ქართველი სპეციალისტები მოსახლეობას შეახსენებენ, რომ აცრა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პროფილაქტიკური საშუალებაა.
აცრის გაკეთება ნებისმიერ მსურველს ქვეყნის ნებისმიერ პოლიკლინიკასა და სამედიცინო დაწესებულებაში შეუძლია. აცრა დაავადების ალბათობასა და გართულების შესაძლებლობას მინიმუმამდე ამცირებს. გარდა ამისა, აცრა ამსუბუქებს დაავადების მიმდინარეობას. საქართველოში, ძირითადად, ჰოლანდიური ან ფრანგული ვაქცინები შემოდის, რომლის ღირებულება 25 ლარს შეადგენს.
აცრის ჩატარება ერთი წლიდან ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია.
საქართველოში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გრიპის საწინააღმდეგო აცრა უფასოდ შეუძლიათ რისკის შემდეგ ჯგუფებს: ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს (დიაბეტი, დიალიზი) 18 წლამდე, თავშესაფარში მცხოვრებ ბავშვებს, მოხუცებსა და მათ მომსახურე პერსონალს, სამედიცინო დაწესებულების მიმღები განყოფილების სამედიცინო პერსონალს. წელს სახელმწიფომ რისკის ჯგუფში შემავალი ადამიანებისთვის 20 ათასი ვაქცინის დოზა შეიძინა.