თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში უკვე ჩამოვიდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული გრიპის ვაქცინა, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრზე დაყრდნობით.
ოქტომბერში მედიკოსები მოსახლეობას ურჩევენ გრიპის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთონ, რათა შემცირდეს დაავადების რისკი.
აცრის გაკეთება პრაქტიკულად ყველა სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი.
საქართველოში ძირითადად ჰოლანდიური და ფრანგული ვაქცინა შემოდის, რომელთა ღირებულება 25 ლარია.
გრიპისგან აცრა ნებისმიერ მსურველს შეუძლია ერთი წლის ასაკიდან.
საქართველოში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გრიპის აცრა უფასოდ შეუძლიათ რისკის შემდეგ ჯგუფებს: ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს (დიაბეტი, დიალეზი) 18 წლამდე, თავშესაფარში მცხოვრებ ბავშვებს, მოხუცებს და მათ მომსახურე პერსონალს, სამედიცინო დაწესებულების მიმღები განყოფილების სამედიცინო პერსონალს.
ქართველ მედიკოსთა თქმით, ნებისმიერი ვაქცინა, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ არის რეკომენდირებული, აპრობირებული და უსაფრთხოა. ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, სასურველია, რომ ყველამ გაიკეთოს აცრა, ეს განსაკუთრებით დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ადამიანებს ეხებათ.