თბილისი, 22 მარტი — Sputnik. საქართველოს ნაკრებისა და იტალიური კლუბის, "ემპოლის" თავდამსხმელი სერბეთის წინააღმდეგ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. მატჩი 24 მარტს თბილისში გაიმართება.
ამის შესახებ საქართველოს ფეხურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა და თავად მჭედლიძემ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში განაცხადეს.
ფეხბურთელის აზრით, თავდაპირველად ტრავმა არასერიოზული იყო, მაგრამ ის ვარჯიშს ძალიან ადრე შეუდგა, რასაც რეციდივი მოჰყვა. როგორც მჭედლიძემ აღნიშნა, მინდორს, სავარაუდოდ, 10-14 დღეში დაუბრუნდება.
მჭედლიძის ძირითადი თავდამსხმელის პოზიციას სასტარტო შემადგენლობაში, დიდი ალბათობით, გიორგი ქვილითაია დაიკავებს, რომელიც ვენის "რაპიდში" გამოდის. ფორვარდი კარგ ფორმაშია. ავსტრიის ჩემპიონატის "მატერსბურგის" წინააღმდეგ მატჩში მისი გოლის წყალობით "რაპიდმა" ფრე შედეგს მიაღწია.
ტრავმირებული მჭედლიძის გარდა სერბეთის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს ორი შემტევი ნახევარმცველი — თორნიკე ოქრიაშვილი ("კრასნოდარი") და გიორგი ჭანტურია ("ურალი"). ოქრიაშვილს მუხლის მყესების პრობლემა აქვს და მინიმუმ ნახევარი წელი ვერ ითამაშებს.
რაც შეეხება ჭანტურიას, მასაც მუხლის მყესები აქვს დაზიანებული და ამჟამად რეაბილიტაციას გადის.
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი საქართველო-სერბეთი თბილისში 24 მარტს, "დინამო არენაზე" გაიმართება. დაწყების დროა 21:00 საათი.