თბილისი, 21 მარტი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა გუნდმა სერბეთის წინააღმდეგ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩისთვის დაიწყო მზადება, რომელიც თბილისში „დინამო არენას“ სტადიონზე 24 მარტს გაიმართება, იუწყება საქართველოს ფეხბურთს ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი.
ამჟამად ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვლადიმირ ვაისის განკარგულებაში 20 ფეხბურთელია. ნიკა კვეკვესკირი, სანდრო კობახიძე და ოთარ კაკაბაძე თანაგუნდელებს დღეს შეუერთდებიან.
ნაკრების ერთადერთი დანაკლისი თორნიკე ოქრიაშვილი გახდა. „კრასნოდარის“ ნახევარმცველს მუხლის ჯვარედინი მყესების ტრავმა აქვს, რომელიც მან მოსკოვის „ლოკომოტივის“ წინააღმდეგ მატჩის დროს მიიღო.
სერბეთთან შესარჩევი მატჩის გარდა, საქართველოს ნაკრები 28 მარტს ლატვიასთან ამხანაგურ მატჩს გამართავს, რომელიც ასევე თბილისში ჩატარდება.
შესარჩევ D ჯგუფში ოთხი ჩატარებული მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ორი ქულა მიოპოვა და მეხუთე ადგილს იკავებს. სერბეთი რვა ქულით მეორე ადგილზეა და ირლანდიას ორი ქულით ჩამორჩება.