თბილისი, 21 მარტი — Sputnik. თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ 2016 წელს ცხოველთა მოვლა–პატრონობის წესების დარღვევის გამო 759 ადამიანი დააჯარიმა — ჯარიმების საერთო თანხა 7300 ლარს აღემატება.
"ძირითადი გამოვლენილი დარღვევებია — რეგისტრაციის და ცხოველთა იდენტიფიკაციის წესების დარღვევა. თუმცა გასული წლის ივნის–ივლისიდან ამ დარღვევების რაოდენობა შემცირდა. ამ ეტაპზე ჯარიმების დიდი რაოდენობა საკონტროლო რეგისტრაციაზე მოდის. როგორც ცნობილია, 12 თვის გავლის შემდეგ ცხოველების პატრონები ვალდებულები არიან შინაური ცხოველების ხელახლა დაარეგისტრირონ", — განაცხადა სააგენტოს დირექტორია მოადგილემ ლერი ქვარაიამ.
მონიტორინგის სააგენტომ 2016 წელს ქალაქის სხვადასხვა ადგილას ბანერები დაამონტაჟა, რომლებიც ძაღლების პატრონებს მოუწოდებენ დაარეგისტრირონ თავიანთი აღსაზრდელები და მათ შემდეგ დაასუფთაონ ქუჩა.
"უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიმართულებით პროგრესი შეინიშნება. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ძაღლების გასეირნების წესების დარღვევისთვის ჯარიმა არ გამოგვიწერია. ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეებმა წესების დაცვა დაიწყეს და თავისი ცხოველების შემდეგ ალაგებენ, ერთჯერად პარკებს იყენებენ", – აღნიშნა ქვარაიამ.
თბილისში 2017 წლის დასაწყისიდან ცხოველთა მოვლა–პატრონობის წესების დარღვევისთვის 170 ადამიანი დაჯარიმდა. ჯარიმების საერთო თანხამ 2700 ლარი შეადგინა.
თბილისის საკრებულომ 2015 წელს მიიღო დადგენილება "ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ".