თბილისი, 13 ნოემბერი— Sputnik. ცხოველთა მონიტორინგის სამსახურმა თბილსში რამდენიმე ახალი ამკრძალავი და საინფორმაციო ხასიათის ნიშნის განთავსება დაიწყო, რომელიც ცხოველების პატრონებს სისუფთავის დაცვისკენ მოუწოდებს და მიანიშნებს, რომ ტერიტორიაზე ძაღლის გადაყვანა არ შეიძლება.
"შინაური ცხოველების მოვლასთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ამაღლების მიზნით კამპანია ჩავატარეთ. ამ კამპანიის ნაწილია ბანერების მონტაჟი თბილისის ქუჩებში, პარკებში და სკვერებში. ბანერების მონტაჟი გუშინ დავიწყეთ და ეს პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება",- საინფორმაციო სააგენტო "Новости-Грузия"-სთან ინტერვიუში განაცხადა სააგენტოს დირექტორმა თემურ ფხალაძემ.
2015 წლის აპრილში თბილისის საკრებულომ მიიღო დადგენილება "ცხოველების (ძაღლების, კატების)მოვლის წესებისა და დედაქალაქის ტერიტორიაზე მათი პოპულაციის მართვის შესახებ".
დოკუმენტის თანახმად, შინაური ცხოველების პატრონები ვალდებულნი არიან მათი იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროცედურა ჩაატარონ.
ძაღლის გასეირნება საზოგადოებრივ ადგილას (სკვერები, პარკები, სტადიონები, ქუჩები და სხვა საზოგადოებრივი ადგილები) მხოლოდ მოკლე (50 სმ) ძაღლის სატარებლით ან სატარებლით და სადრუნჩეთი შეიძლება. ეს არ ეხება დეკორატიული ჯიშის ძაღლებს და კატებს.