თბილისი, 21 მარტი — Sputnik. ხუთშაბათს, ახალ არბატზე მდებარე "მოსკოვის წიგნის სახლში" ბრიტანელი მწერალი და ისტორიკოსი რუს მკითხველებს შეხვდება. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება პრეზენტაცია წიგნის "საქართველო: იმპერიათა გზაჯვარედინი. სამიათას წლიანი ისტორია".
შეხვედრაზე ლიტერატურათმცოდნე ასევე ქართულ ლიტერატურაზე ლექციას წაიკითხავს და საკუთარი წიგნის შექმნის შესახებ ისაუბრებს.
დონალდ რეიფილდი დაიბადა ოქსფორდში 1942 წელს. მისი პროფესიული კარიერა ქვინსლენდის უნივერსიტეტში ლექტორის ამპლუაში დაიწყო. შემდეგ რეიფილდი გადავიდა ლონდონში, სადაც დედოფალ მარიას კოლეჯში რუსული და ქართული ლიტერატურის კათედრის გამგე იყო. დღეს ის ცნობილია როგორც XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისის პერიოდის რუსული ლიტერატურის, ქართული ლიტერატურის, ფოლკლორის და ლექსიკოლოგიის, სტალინის პიროვნების და სტალინიზმის ექსპერტი.
დონალდ რეიფილდი ანტონ ჩეხოვის და მკვლევარ პრჟევალსკის ბიოგრაფიების, ოსიპ მანდელშტამის პოეზიის შესახებ სტატიების და ქართული ლიტერატურის ისტორიის ნაშრომისა და სტალინზე წიგნის ავტორია. მან ინგლისურ ენაზე თარგმნა რუსი და ქართველი პოეტებისა და მწერლების მრავალი ნაწარმოები, მათ შორის ოსიპ მანდელშტამის, პაველ ჩეხოვის, ვაჟა ფშაველას, ტიციან ტაბიძის და სხ. მისი რედაქციით გამოიცა "სრული ქართულ–ინგლისური ლექსიკონი".
პირველად რეიფილდი საქართველოში 1973 წელს აღმოჩნდა. ქართულმა კოლორიტმა და ფოლკლორმა მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა — მისი დაკვირვება საფუძვლად დაედო წიგნს "ქართული ლიტერატურის ისტორია".
დონალდ რეიფილდი თავისუფლად ფლობს ინგლისურ, ქართულ და რუსულ ენებს.