თბილისი, 15 მარტი — Sputnik. თბილისში გაიმართა პრეზენტაცია წიგნისა „საქართველოს ბუნების 100 საოცრება" ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. ნაშრომი 20 წლის მუშაობის შედეგია.
გამოცემის ავტორია გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტთან არსებული გეოგრაფიის დეპარტამენტის გეომორფოლოგიისა და კარტოგრაფიის კათედრის ასისტენტ-პროფესორი გიორგი დვალაშვილი.
მასალებს თავისი წიგნისთვის დვალაშვილი კრებდა გეოგრაფებთან, ეკოლოგებთან, ისტორიკოსებთან, ფოტოგრაფებთან და სტუდენტებთან ერთად ექსპედიციების დროს, ასევე სხვადასხვა კვლევების შედეგად.
„აქ წარმოდგენილია საქართველოს ის ბუნებრივი და ნამდვილად უნიკალური ადგილები, რომლებსაც პირობითად „საქართველოს ბუნების 100 საოცრება" ვუწოდეთ, ეს მართლაც ბუნების საოცრება, ფენომენია. თანამედროვე აპარატურის მეშვეობით გავზომეთ ამა თუ იმ ადგილის პარამეტრები, კოორდინატები, ვიღებდით ფოტომასალას და შედეგად ეს ყველაფერი ასეთ წიგნში შევკრიბეთ", — განუცხადა დვალაშვილმა „Sputnik–საქართველოს".
მისი თქმით, წიგნი შეიძლება ერთგვარი გზამკვლევი გახდეს როგორც მკითხველის, ისე ტურისტებისა და შესაბამისი პროფილის სპეციალისტებისთვის.
„გვინდა წიგნის საშუალებით მთელ მსოფლიოში საქართველოს პოპულარიზებას შევუწყოთ ხელი. იმედი მაქვს, რომ ის მისია, რომელიც ამ წიგნს აკისრია, შესრულებული იქნება. ვიმედოვნებთ, რომ ბევრი დასახლებული პუნქტი, რომელთა შესახებ ჯერჯერობით ცოტამ თუ იცის, ამ წიგნის გამოცემის შემდეგ ცნობილი გახდება", — აღნიშნა დვალაშვილმა.