თბილისი, 21 მარტი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ლევან გაჩეჩილაძის ვაჟი რატი გაჩეჩილაძე, რომელსაც ბრალად ედება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის (Rustavi2) გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ცემა, დამნაშავედ სცნო და ჯარიმის სახით სამი ათასი ლარის გადახდა დააკისრა, განუცხადეს „Sputnik–საქართველოს“ სასამართლოს პრეს-სამსახურში.
ინცინდენტი იანვარში მოხდა. მამის დაკრძალვის შემდეგ გვარამია მეგობრებთან ერთად თბილისის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში წავიდა, სადაც მას და რეჟისორ დავით დოიაშვილს ორი ადამიანი დაესხა თავს. მოგვიანებით რატი გაჩეჩილაძემ საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა, რომ „რუსთავი 2“-ის გენდირექტორი სცემა, რადგან მისი ოჯახი არაერთი წლის განმავლობაში გვარამიას და მისი თანამოაზრეების გამო იტანჯებოდა. გაჩეჩილაძე პოლიციას ჩაბარდა. თუ ვინ იყო მეორე თავდამსხმელი, უცნობია.
მას შემდეგ, რაც რატი გაჩეჩილაძე ნებაყოფლობით ჩაბარდა პოლიციას, ის დააკავეს და ბრალი წაუყენეს „ძალადობის“ მუხლით. თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ის 5 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
მოვლენების ამგვარად განვითარებით უკმაყოფილო დარჩნენ ნიკა გვარამია და მისი ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი, რომელმაც მომხდარი ფაქტი თავიდანვე დაუკავშირა გვარამიას პროფესიულ საქმიანობას და ბრალდების გადაკვალიფიცირება მოითხოვა. კერძოდ, ის მოითხოვდა სსკ-ის მუხლი „ძალადობა“ შეცვლილიყო მუხლით „დევნა ჩადენილი ძალადობით, პოლიტიკური შეხედულებების ან საზოგადოებრივი აქტივობის გამო“, ან მუხლით „ხულიგნობა“.