ქართული ფოლკლორი ელექტრონულ სტილში და თბილისში ამღერებული ორი უცხო ქვეყნის პრეზიდენტი

© Lika Barbakadzeთეატრონი
თეატრონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მუსიკალური ჯგუფი "თეატრონი" უკვე ცხრა წელია, რაც არსებობს და ამ დროის მანძილზე ბევრი ინოვაციური პროექტი აქვს განხორციელებული, ერთი მათგანი "მომღერალი მიმტანებია". ჯგუფის რეპერტუარში სხვადასხვა ჟანრისა და ქვეყნის სიმღერები და ხმებში გაშლილი სახელმწიფო ჰიმნებიცაა შესული.

დღეს კი ჯგუფმა გადაწყვიტა ქართული ფოლკლორის ნიმუშები ელექტრონული სტილით იმღეროს. ჩვენ ანსამბლის მომღერალს ლიკა ბარბაქაძეს ვესაუბრეთ.

– ქალბატონო ლიკა, დავიწყოთ იქიდან, რომ მუსიკალურმა ჯგუფმა "თეატრონმა" თავისი სიტყვა თქვა ქართულ ესტრადაზე, თქვენი აზრით, რაში გამოიხატება ის?

— ჯგუფი "თეატრონი" ყოველთვის გამოირჩეოდა საკუთარი რეპერტუარის ცოცხალი, ორიგინალური შესრულებით. სიმღერებს მინიმალური აკომპანემენტის (როიალის) თანხლებით ვასრულებთ. აკომპანემენტს "თეატრონის" ხელმძღვანელი ლელა გოლიაძე გვიწევს. ჩვენი რეპერტუარი ერთი ჟანრის სიმღერებით არ შემოიფარგლება, ჩვენ ვმღერით ქართულ ხალხურ სიმღერებს, მსოფლიო ჰიტებს და ხუთ ხმაში გაშლილ სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნებს. ჯგუფის წევრებმა დავამთავრეთ თეატრალური უნივერსიტეტი და ბატონ გოგი თოდაძის ჯგუფში ვიყავით, ანუ ყველანი ჯგუფელები ვართ. უკვე 9 წელია, რაც ჯგუფი "თეატრონი" არსებობს და ის ექვსი მომღერლისგან შედგება, ესენი არიან: ლიკა ბარბაქაძე, ხათო ჭაკნელიძე, მაიკო ხაჭაპურიძე, რუსკა ტომარაძე, მარიამ გოლიაძე და ნინო მამულაშვილი.

ლიკა ბარბაქაძე: ჩვენ რეპერტუარში მსგავსი სახის სიმღერები პირველადაა

– ანსამბლმა ბევრი საინტერესო პროექტი განახორციელა, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე განსხვავებული "მომღერალი მიმტანები" იყო.

— ასეთი პროექტი საქართველოში პირველად ჩვენ განვახორციელეთ. ესაა „მომღერალი მიმტანები“, რომელიც სამი წელია, რაც არსებობს. პროექტის ავტორი კომპოზიტორი ნანა მესხია. და ის დღემდე წარმატებით სარგებლობს. ვინც არ იცის, თუ რას წარმოადგენს ის, განვმარტავ: მიმტანების ფორმაში გამოწყობილი მომღერლები სუფრას ემსახურებიან და მოულოდნელად სიმღერას იწყებენ, ეს მომენტი ყველა სტუმარში განსაკუთრებულ ეფექტს ახდენს და ძალიან ემოციურია. ასეთი გამოსვლის მერე ბევრი საინტერესო შეხვედრა მახსოვს.

– იქიდან გამომდინარე, რომ თქვენი ხელოვნება უცხო ქვეყნის ბევრ მაღალჩინოსანს უჩვენეთ, თქვენ რეპერტუარში იმ ქვეყნის სიმღერებიც გაჩნდა, ასეა?

— დიახ, "თეატრონს" ხშირად ხვდა წილად პატივი, რომ ჩვენი ქვეყნის ძალიან ბევრ საინტერესო სტუმარს დახვდეს და საკუთარი ხელოვნება უჩვენოს, ამიტომ, გეთანხმებით, შემთხვევითი არ არის ის ფაქტიც, რომ ჩვენ რეპერტუარში სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნებია შესული. როდესაც წინასწარ ვიცით სტუმრები რომელი ქვეყნიდან ჩამოდიან, მათ ან ძალიან ცნობილ სიმღერას, ან სახელმწიფო ჰიმნს სიურპრიზად ვახვედრებთ. ჩვენი ნამღერი ჰიმნი იმითაა გამორჩეული და განსხვავებული, რომ მათ ჩვენებურად, ხმებში გაშლილად ვასრულებთ. სიმღერებს ხმებში ლელა გოლიაძე აკეთებს. დიდი ყურადღება ეთმობა ა–კაპელას.

– ქალბატონო ლიკა, ვიცი, რომ თქვენი ხელოვნებით აზერბაიჯანის პრეზიდენტი და სერბეთის ვიცე-პრემიერიც დატკბნენ…

— ამ შეხვედრებს გავიხსენებ: გასულ წელს შევხვდით საქართველოში ვიზიტად ჩამოსულ აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ბატონ ილჰამ ალიევს, რომელსაც პირველად ქართული სიმღერა ვუმღერეთ. ამის შემდეგ ძალიან ცნობილი აზერბაიჯანული სიმღერა შევასრულეთ. ჩვენი გამოსვლა კი დავასრულეთ როიალის თანხლებით შესრულებული ოთხ ხმაში გაშლილი აზერბაიჯანის სახელმწიფო ჰიმნით, რომელმაც პრეზიდენტზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა. ის უცებ წამოდგა, მადლობა გადაგვიხადა და გაკვირვებულმა გვკითხა, ასე სუფთად ტექსტი როგორ ისწავლეთო? მერე ბაქოში დაგვპატიჟა. აქვე მინდა ვთქვა, რომ სიმღერის ტექსტზე ძალიან დიდხანს ვმუშაობთ.

– თუ შეიძლება, სერბეთის ვიცე-პრემიერთან შეხვედრის ამბავიც გაიხსენეთ…

— დიახ, საინტერესო იყო ჩვენთვის საქართველოში ვიზიტად მყოფ სერბეთის ვიცე-პრემიერთან, ბატონ დაჩიჩთან შეხვედრაც. წარმოიდგინეთ, სერბული სიმღერის შესწავლა ერთ დღეში მოვასწარით. ეს სიმღერა თურმე ძალიან უყვარს და კარგადაც მღერის. თავიდან სიმღერა რომ დავიწყეთ, ჯერ გაოცებული იყო, მერე მოვიდა და ჩვენთან ერთად იმღერა. ეს ვიდეო თვითონ მათ Youtobe-ზეც დადეს და ერთ დღეში საოცრად ბევრი ნახვა ჰქონდა.

– თქვენი ბოლო პროექტი მოსკოვში მცხოვრებ ქართველ მუსიკოსთან ლევან ძაგნიძესთანაა დაკავშირებული, რა პროექტია ეს?

— დიახ, ვინაიდან "თეატრონის" რეპერტუარი მრავალფეროვანია, დაგვებადა იდეა, რომ თანამედროვე ელექტრონული სტილი ფოლკის ელემენტებით გვეცადა. ამ კუთხით თანამშრომლობა შემოგვთავაზა ახლო მეგობარმა, მოსკოვში მოღვაწე მუსიკოსმა, ანსამბლ „სულიკოს“ ხელმძღვანელმა ლევან ძაგნიძემ. "თეატრონის" ხელმძღვანელმა ლელა გოლიაძემ შეარჩია ხუთი ხალხური სიმღერა და ლამაზი პოპური შეიქმნა. მასში პირველი სიმღერა ლელა თათარაიძისაა, დანარჩენი სხვადასხვა კუთხის ქართული ფოლკლორის გამორჩეული ნიმუშებია. სტუდიაში ჩავწერეთ ხმები, მასალა ლევანს მოსკოვში გადავუგზავნეთ. სიმღერების ხმების "მასტერინგიც" და არანჟირებაც ლევან ძაგნიძეს ეკუთვნის, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდით. ვფიქრობ, ჩვენთვის ახალი ეს სტილი "თეატრონმა" კარგად მოირგო. საერთოდ ჯგუფის მუსიკოსებს საინტერესო და კრეატიული ექსპერიმენტები ძალიან გვიყვარს. ჩვენს ერთგულ მსმენელებს მომავალშიც ბევრ სიახლეს შევთავაზებთ.

ყველა ახალი ამბავი
0