თბილისი, 19 მარტი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მექსიკასთან სასაზღვრო კედლის მშენებლობაში მონაწილეობით უკვე 200 კომპანია დაინტერესდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
"ჩვენ თითქმის 200 მონაწილე გვყავს კონკურსისთვის… ვფიქრობ შესანიშნავ ფასსა და შესანიშნავ პროექტს მივიღებთ", — განუცხადა ტრამპმა Fox News-ს ინტერვიუში.
მანამდე აშშ-ის სასაზღვრო-საბაჟო სამსახურმა საკუთარ ვებგვერდზე იმ კერძო მენარდეებისთვის, რომლებსაც მექსიკასთან საზღვრის გასწვრივ კედლის აშენებაში მონაწილეობა სურთ, საკონკურსო დოკუმენტაცია განათავსა.
დოკუმენტაციის თანახმად, "18 ფუტზე (5,5 მეტრი) ნაკლები სიმაღლის პროექტები მიუღებელია".
სასაზღვრო-საბაჟო სამსახურის ვებგვერდის ინფორმაციით, იდეალურად მიიჩნევა 30 ფუტი სიმაღლის (9 მეტრზე ოდნავ მაღალი) "შთამბეჭდავი" კედელი, რომელიც აშშ-ის მხრიდან "სასიამოვნო ფერში" შეიღებება.
კედლის სიმტკიცე ისეთი უნდა იყოს, რომ 12 დიუიმზე (30,5 სმ) ფართო ხვრელის გახვრეტას ერთი საათი მაინც დასჭირდეს.
გარდა ამისა კედელმა უნდა გაუძლოს უროს, წერაქვის, ავტომობილის დომკრატისა და ხელის ავტოგენის ზემოქმედებას.
კედლის პარამეტრები არ უნდა იძლეოდეს მასზე გადაძრომის ან მის ქვეშ თხრილის გაკეთების საშუალებას.
შეგახსენებთ: აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მექსიკასთან საზღვრის გაყოლებაზე კედლის აშენების პირობა დადო, რათა არალეგალური მიგრაცია შეაჩეროს.
მიმდინარე წელს აშშ 1,5 მლრდ დოლარის გამოყოფას აპირებს კედლის ასაშენებლად.