მეხიკოში ტრამპის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე ათასობით ადამიანი გამოვიდა

გამოწერა

ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა კვირას მექსიკის დედაქალაქში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკის წინააღმდეგ გამართულ მიტინგში.

აქციის მონაწილეები ქალაქის ცენტრალურ გამზირზე, "დამოუკიდებლობის ანგელოზის" ძეგლთან შეიკრიბნენ. პოლიციის მონაცემებით, მიტინგში დაახლოებით 20 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიც მექსიკის საზოგადოებრივი უშიშროების სამინისტროს სამხედრო ორკესტრის თანხლებით მექსიკის ჰიმნს ასრულებდნენ.

მანამდე მანიფესტანტებმა პროტესტის ნიშნად დაანგრიეს თეთრი აგურის სიმბოლური კედელი, რომელიც ტრამპის მიერ ორ ქვეყანას შორის კედლის აშენების გეგმას ასახიერებდა. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით "არა ტრამპის კედელს", "გაუმარჯოს მექსიკას, შორს ტრამპი", "ჩვენ ვართ მექსიკა" და ასე შემდეგ.

როგორც ორგანიზაციის "მექსიკელები კორუფციისა და დაუსჯელობის წინააღმდეგ" ხელმძღვანელი მარია ამპარო კასარი იუწყება, მსგავსი აქციების ჩატარების იდეას შეუერთდა ლათინოამერიკული ქვეყნების კიდევ 24 ქალაქი.

ტრამპმა ჯერ კიდევ პრეზიდენტად არჩევამდე ისაუბრა მექსიკასთან საზღვარზე კედლის აშენების აუცილებლობაზე, რათა არალეგალური მიგრანტების ტალღა შეწყდეს და ნარკომაფიის გზაც გადაიკეტოს. ამერიკის პრეზიდენტმა ასევე პირობა დადო, რომ მისი თანამემამულეები არაფერს გადაიხდიან ამ კედლის აშენების სანაცვლოდ – მის საფასურს მთლიანად მექსიკა დაფარავს. მექსიკის პრეზიდენტმა კატეგორიული უარი განაცხადა კედლის შენებისთვის თანხის გამოყოფაზე.

ყველა ახალი ამბავი
0