თბილისი, 18 მარტი — Sputnik. იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს შეეძინა ქალიშვილი, რომელსაც მარიამი დაარქვეს- იტყობინება ტელეკომპანია "იმედი".
მშობიარობამდე ორი თვით ადრე წულუკიანი დეკრეტულ შვებულებაში გავიდა. იუსტიციის მინისტრი 2016 წლის დეკემბერში გათხოვდა. მისი რჩეული გახდა ნუგზარ კაკულია, რომელიც წარსულში საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორი იყო.
თეა წულუკიანი 1975 წლის 21 იანვარს დაიბადა. იუსტიციის მინისტრის პოსტი მას 2012 წლის ოქტომბრიდან უკავია. წულუკიანს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული დიპლომატიის აკადემია აქვს დამთავრებული. წულუკიანი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულ პოლიტიკის კვლევისა და ანალიტიკის ცენტრში მუშაობდა. 2000 წელს მან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს იურისტის პოსტი დაიკავა. 2005 წელს უფროსი იურისტის ჩინი მიიღო, ერთი წლის შემდეგ კი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს სარეგლამენტო კომიტეტის წევრი გახდა.