თბილისი, 17 მარტი — Sputnik. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ თბილისში ქვეყნის პირველ პირებთან — პრეზიდენტთან, პრემიერ–მინისტრთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეთან გამართა შეხვდა.
შეხვედრების ძირითადი თემა იყო ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება და საქართველოში უნგრეთის პრემიერ–მინისტრ ვიქტორ ორბანის სამომავლო ვიზიტი.
საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ ორბანის ვიზიტის ფარგლებში ქართულ–უნგრული ბიზნეს–ფორუმი ჩატარდება.
საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრისას, მხარეებმა საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტის დარეგულირების მიზნით, საერთაშორისო ინსტიტუტების ჩართულობის შესაძლებლობები განიხილეს.
გარდა ამისა, ვიზიტისას პიტერ სიიარტომ განიხილა ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესი. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან გამართულ შეხვედრაზეც სწორედ ეს თემები იყო მთავარი განსახილველი საკითხები.
კობახიძესთან გამართულ შეხვედრაზე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოსა და უნგრეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებები განიხილა, რომელიც მიმდინარე წელს აღინიშნება.