თბილისი, 17 მარტი — Sputnik. ნარკოტიკების უკანონო შეძენა–შენახვის ბრალდებით საქართველოს შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ 31 წლის პატრულ–ინსპექტორი და მისი მეგობარი დააკავა, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
გამოძიების მონაცემებით, 31 წლის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი და მისი 33 წლის მეგობარი ქალაქ ზუგდიდში 16 მარტს მანქანით გადაადგილდებოდნენ. მათთან ერთად მანქანაში მათი 32 წლის ნაცნობი იმყოფებოდა.
გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა მათი მანქანა გააჩერეს და ჩხრეკა ჩაატარეს, რის შედეგადაც პოლიციის თანამშრომლის ჯიბეში აღმოაჩინეს ერთი ცალი თეთრი ფერის აბი (სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება). ავტომანქანის ჩხრეკისას, ნანახი და ამოღებული იქნა „შპრიცი“ სითხის შიგთავსით.
აღნიშნულის გარდა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნანახი და ამოღებული იქნა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ლითონის მჭიდი, ხელყუმბარა და 86 ვაზნა.
ჩატარებულმა ნარკოლოგიურმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ პოლიციის თანამშრომელს ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“, მის მეგობარს — ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი, ხოლო მათ ნაცნობს — „ბუპრენორფინის“ და „მეტადონის“ მოხმარების ფაქტი დაუდგინდათ.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლით „ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა“, რაც ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.