თბილისი, 17 მარტი — Sputnik. საქართველოს ძიუდოს ნაკრების ერთ–ერთმა ლიდერმა ავთო ჭრიკიშვილმა (– 90 კგ), შესაძლოა, ევროპის ჩემპიონატი გამოტოვოს, რომელიც ვარშავაში აპრილის ბოლოს ჩატარდება.
ამისი მიზეზია ის, რომ ჭრიკიშვილმა თებერვლის ბოლოს დიუსელდორფის გრან–პრიზე ვარჯიშის დროს ხელის ძლიერი ტრავმა მიიღო.
საქართველოს ნაკრების სამედიცინო შტაბის განცხადებით, კონტინენტალური პირველობის დაწყებამდე ჭრიკიშვილი ტრავმის მოშუშებას მოასწრებს, მაგრამ მისი ფიზიკური ფორმა კითხვის ნიშნის ქვეშ იქნება.
შესაბამისად, ჭრიკიშვილი ვერ მიიღებს მონაწილეობას თბილისის გრან–პრიზე, რომელიც საქართველოს დედაქალაქში 31 მარტიდან 2 აპრილამდე პერიოდში ჩატარდება.
ეს ინფორმაცია ეროვნული გუნდის სპორტულმა დირექტორმა ზურაბ უსუფაშვილმაც დაგვიდასტურა. მისი თქმით, თბილისში ჭრიკიშვილი ხალიჩაზე ნამდვილად ვერ გამოვა. რაც შეეხება ვარშავას, საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უნდა მიიღოს.
წინასწარი ინფორმაციით, თბილისის გრან–პრიზე, სხვადასხვა მიზეზით, მონაწილეობას ვერ მიიღებს ეროვნული გუნდის პრაქტიკულად ვერც ერთი ლიდერი.
ბექა ღვინიაშვილს (–90 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანს (–100 კგ) დაუზიანდათ თითები. დაზიანებები სერიოზული არ არის, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის წინ გუნდის მწვრთნელების შტაბმა გადაწყვიტა ძიუდოისტების ჯანმრთელობა რისკის ქვეშ არ დააყენოს.
რაც შეეხება ლაშა შავდათუაშვილს (–73 კგ) და გურამ თუშიშვილს (+100 კგ), მათ სეზონის სტარტი ძალიან აქტიური ჰქონდათ და ძალების აღსადგენად დამატებითი დასვენება სჭირდებათ.
უსუფაშვილის თქმით, ამჟამად ასეთი სიტუაციაა, მაგრამ მომავალში, შესაძლოა, რაიმე ცვლილებები მოხდება.
ევროპის ძიუდოს ჩემპიონატი ინდივიდუალურ და გუნდურ პირველობაში მიმდინარე წლის 20–23 აპრილს ვარშავაში გაიმართება.