თბილისი, 13 მარტი — Sputnik. საქართველოს ნაკრებმა ძიუდოს „დიდი სლემის“ სერიის ტურნირზე სამი მედალი მოიპოვა. ტურნირი ბაქოში ჩატარდა, იუწყება IJF-ს ოფიციალური ვებ-გვერდი.
პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული მძიმეწონოსანი (+100 კგ) გურამ თუშიშვილი გახდა, რომელმაც ფინალში უნგრელ ბობ ბარნუს სძლია.
22 წლის თუშიშვილისთვის, რომელიც ახალგაზრდებს შორის ევროპის ორგზის ჩემპიონია, ეს უფროსებში პირველი გამარჯვებაა. ასეთი მაღალი დონის შეჯიბრებებზე მისი დებიუტი რამდენიმე კვირის წინ პარიზის გრან-პრიზე შედგა, სადაც მან მეოთხე ადგილი დაიკავა.
მან მსოფლიო რეიტინგში 49-დან მე-13 ადგილზე გადაინაცვლა.
ორი ბრინჯაო მოუტანეს საქართველოს ნაკრებს ლაშა გიუნაშვილმა (-66 კგ) და უშანგი მარგიანმა (-90 კგ).
საერთო გუნდურ ჩათვლაში მამაკაცთა შორის გამარჯვებული გახდა აზერბაიჯანის ნაკრები, რომელმაც მიიღო ერთი ოქროს, ორი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი.