თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა ბექა ღვინიაშვილმა 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში დიუსელდორფის გრან–პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა, იუწყება IJF-ის ოფიციალური ვებ-გვერდი.
ფინალში ღვინიაშვილმა რიო–დე–ჟანეიროს ოლიმპიური ჩემპიონი რუსი ჰასან ჰალმურზაევი დაამარცხა.
ტურნირზე ქართველი ძიუდოისტებისთვის ეს უკვე მეორე ოქროს მედალია. მანამდე საპატიო კვარცხლბეკის ზედა საფეხურზე ავიდა ვაჟა მარგველაშვილი (–66 კგ). უმაღლესი სინჯის ორი მედლის გარდა საქართველოს ნაკრების აქტივშია ორი ვერცხლის მედალიც: ამირან პაპინაშვილისა (–60 კგ) და ლაშა შავდათუაშვილის (–73 კგ).
ორი ოქროს და ორი ვერცხლის მედლის წყალობით ქართველმა სპორტსმენებმა მამაკაცებს შორის საერთო გუნდური ჩათვლა მოიგეს. ირაკლი ცირეკიძის აღსაზრდელებმა რუსეთისა და იაპონიის ნაკრებებს აჯობეს.
გრან–პრის შემდეგი ეტაპი ბაქოში 10–12 მარტს გაიმართება, მარტის ბოლოს – აპრილის დასაწყისში კი ანალოგიური შეჯიბრება თბილისში გაიმართება.