თბილისი, 16 მარტი — Sputnik. ახმეტელი-ვარკეთილის ხაზის ორ მეტროს სადგურზე მატარებლების მოძრაობა, რომელიც ოთხ საათზე მეტი შეზღუდული იყო, აღდგენილია, ნათქვამია "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" პრეს–სამსახურის განცხადებაში.
ტექნიკური ხარვეზის გამო ხუთშაბათს თბილისის დროით 13:35 საათიდან მატარებლები არ გადაადგილდებოდნენ მეტროს სადგურებზე "ახმეტელის თეატრი" და "სარაჯიშვილი". მატარებლები მოძრაობდნენ "გურამიშვილიდან" "ვარკეთილამდე" და "ვარკეთილიდან" "გურამიშვილამდე". საბურთალოს ხაზი შეუფერხებლად მუშაობდა.
"არსებული ხარვეზი "ახმეტელის თეატრი — სარაჯიშვილის" მონაკვეთზე 17:45 საათზე აღმოიფხვრა, თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა მთლიანად აღდგა", — ნათქვამია განცხადებაში.
თბილისის მეტროპოლიტენის ხაზების საერთო სიგრძე 26,3 კილომეტრია. ამჟამად თბილისში 22 მეტროს სადგური ფუნქციონირებს, რომელიც 2 ხაზზეა განლაგებული.