თბილისი, 16 მარტი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისა და "კრასნოდარის" ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა მუხლის მყესები დაიზიანა და ფეხბურთს დიდი ხნით ჩამოშორდა, განაცხადა რუსეთის გუნდის მთავრმა მწვრთნელმა იგორ შალიმოვმა.
მისი თქმით, ამ დროისათვის უცნობია, ქართველ ნახევარმცველს სრული აღდგენისთვის რამდენი დრო დასჭირდება.
ოქრიაშვილმა ტრავმა მიიღო რუსეთის ჩემპიონატის XIX ტურის მატჩში "ლოკომოტივის" წინააღმდეგ. თამაშის 82–ე წუთზე ძლიერი შეჯახების შემდეგ ექიმებმა ქართველს დახმარება გაუწიეს, ოქრიაშვილი თამაშს დაუბრუნდა, მაგრამ ფეხი დაუცდა და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო.
ოქრიაშვილი ვერ ითამაშებს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ლატვიასთან 28 მარტს გამართულ ამხანაგური მატჩში, და, სავარაუდოდ, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს მოლდოვის წინააღმდეგ გააცდენს, რომელიც 11 ივნისს არის დაგეგმილი.