თბილისი, 14 მარტი — Sputnik. რუსეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-19 ტურის მატჩში „კრასნოდარმა“ გასვლით თამაშში მოსკოვის „ლოკომოტივი“ 2:1 დაამარცხა.
რუსეთის პრემიერ-ლიგის ორივე კლუბში ქართველი ფეხბურთელები გამოდიან — თორნიკე ოქრიაშვილი „კრასნოდარში“/ ხოლო სოლომონ კვირკველია — „ლოკომოტივში“.
ქართველი მცველი დედაქალაქის გუნდში მინდორზე სასტარტო შემადგენლობაში გავიდა. გამოცემა Спорт-Экспресс-ის აზრით, მან არცთუ საუკეთესოდ ითამაშა და მიიღო შეფასება 5.0.
რაც შეეხება ოქრიაშვილს, სტუმრების ნახევარმცველი მინდორზე 74-ე წუთზე გამოჩნდა. რამდენიმე წუთში მან ტრავმა მიიღო. ექიმებმა ოქრიაშვილს დახმარება აღმოუჩინეს, მაგრამ ნახევარმცველმა თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. რამდენად სერიოზულია ოქრიაშვილის ტრავმა, ჯერჯერობით უცნობია.
ამ გამარჯვების წყალობით „კრასნოდარმა“ 32 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა.