თბილისი, 16 მარტი — Sputnik. საქართველოს მოქალაქე, დაახლოებით 50 წლის მამაკაცი სტამბულში საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
მამაკაცის ცხედარი მისმა მეგობარმა აღმოაჩინა და პოლიციას შეატყობინა. საქართველოს მოქალაქე თურქეთში წლების განმავლობაში ცხოვრობდა, წერს "პირველი არხი".
მამაკაცი წარმოშობით ყვარლის რაიონიდან იყო. გარდაცვლილის ახლობლებს მისი გარდაცვალების გამომწვევი მიზეზების შესახებ არაფრის თქმა არ შეუძლიათ. ოჯახი მომხდარის კომენტირებისგან თავს იკავებს.
"Sputnik საქართველო" სტამბულში საქართველოს გენერალურ საკონსულოს დაუკავშირდა, მაგრამ დიპლომატიური კორპუსის თანამშრომლებმა საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ვერანაირი ინფორმაციის მოწოდება ვერ შეძლეს.