თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. ესპანეთში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა, იუწყება სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.
მასმედიის ინფორმაციით, 31 წლის ბექა ბექურიძე ზემო ალვანის მკვიდრი იყო და ესპანეთში სამუშაოდ იყო წასული. ბინაში გარდაცვლილის ცხედარი მისმა დამ აღმოაჩინა და პოლიციას შეატყობინა.
„როგორც კი ოჯახი ბარსელონაში საქართველოს საკონსულოში განცხადებას შეიტანს, დაღუპულს სამშობლოში გადმოასვენებენ. გადმოსვენების ყველა ხარჯს სახელმწიფო დაფარავს“, — განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
წინასწარი ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე გულის შეტევით გარდაიცვალა.
„ის ესპანეთში დასთან ერთად იყო წასული, რომელიც რაღაც პერიოდში ესპანეთში მუშაობდა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ბექა ბექურიძე გარდაცვლილი დამ ნახა. სავარაუდოდ, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა“, — განაცხადა ზემო ალვანის რწმუნებულმა ზურაბ ყიზილაშვილმა.
ამ დროისთვის გარდაცვლილს ექსპერტიზა უტარდება. თუ რომელ ქალაქში მოხდა ინციდენტი — ჯერჯერობით უცნობია.