თბილისი, 16 მარტი — Sputnik. საქართველოში რაგბისთვის ინფრასტრუქტურა ვითარდება — თამაშისთვის, რომელშიც ქვეყანამ მსოფლიო დონეზე დიდ მიღწევებს მიაღწია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში საერთაშორისო დონის ახალი სარაგბო ბაზის მონახულებისას.
ამჟამად საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო რეიტინგში მეთორმეტე ადგილს იკავებს და მეორე ეშელონის უძლიერესი გუნდია. ამასთან, ბოლო დროს კიდევ უფრო ხშირად დგება საკითხი იმის შესახებ, რომ საქართველო ექვსი ერის ტურნირს უნდა შეუერთდეს.
„რაგბი არის ქართველების ხასიათში. ეს არის ისეთი თამაში, რომელიც ყველაზე მეტად შეისისხლხორცა ქართველმა კაცმა და მე ძალიან დიდი იმედით ვუყურებ ქართული რაგბის მომავალს", — განაცხადა კვირიკაშვილმა.
ახალი სარაგბო კომპლექსის მშენებლობა ფონდმა „ქართუმ" დააფინანსა და ამისთვის 7,5 მილიონ ლარამდე თანხა გამოყო.
„ეს არის ის ადგილი, სადაც პატარა ბათუმელები და აჭარლები მსოფლიო რაგბისთვის მოემზადებიან. შენდება კიდევ სამი სტადიონი და გარდა ამისა, დაახლოებით 25 მილიონი ლარი დახარჯულია ნაკრების შენახვაზე", — აღნიშნა კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ საქართველო აუცილებლად გახდება მსოფლიო მასშტაბით ძალიან ცნობილი რაგბის ქვეყანა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ბათუმის გუნდმა კვირიკაშვილს სამახსოვრო საჩუქარი — რაგბის ბურთი გადასცა.
ბათუმის თანამედროვე სტანდარტების პირველი სარაგბო ბაზის ტერიტორია 4,5 ჰექტარს მოიცავს და სამ მოედანს აერთიანებს. ძირითადი, ბუნებრივსაფარიანი მოედანი – 2500 მაყურებელზეა გათვლილი, ხოლო ხელოვნურსაფარიანი მოედანი — 500 მაყურებელზე. კომპლექსი ადაპტირებულია შშმ პირთათვის.