თბილისი, 16 მარტი — Sputnik. თბილისის მეტროპოლიტენში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს — სპეციალური სითხე ძლიერ დაბინძურებას აშორებს ისე, რომ მარმარილოს მოპირკეთებას არ აზიანებს, იუწყება "თბილისის სატრანსპორტო კომპანია".
"გაიწმინდა 32 სვეტი სადგურ "სამედიცინო უნივერსიტეტის" ბაქანზე, სადგური "ტექნიკური უნივერსიტეტი"-ს სალიანდაგო კედლები და იგეგმება ამავე სადგურზე არსებული უნიკალური მოზაიკის გაწმენდა" — ნათქვამია კომპანიის Facebook-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
კომპანიამ შეიძინა სპეციალური აპარატი "ორთქლის გენერატორი", რომლის მეშვეობითაც მუშავდება გაწმენდილი მარმარილო და რომელიც შემდგომში გაამარტივებს მარმარილოს წმენდას და სადგურის დეზინფექციისთვის მის თერმულ დამუშავებას.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია წლის განმავლობაში რამდენიმე სადგურის გაწმენდას გეგმავს.
ამჟამად თბილისში მეტროპოლიტენის რამდენიმე სადგურს კაპიტალურად არემონტებენ. ინტენსიური სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს სადგურებზე "ახმეტელის თეატრი" და "ვარკეთილი", ხოლო გამაგრების სამუშაოები — "ავლაბარში".
საქართველოს დედაქალაქში მეტრო 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა და ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში რიგით მეოთხე იყო — მოსკოვის, პეტერბურგისა და კიევის შემდეგ. 2000 წლიდან, რაც თბილისის მეტროპოლიტენის ბოლო სადგური გაიხსნა, მისი ხაზების საერთო სიგრძე 26,3 კილომეტრია. ამჟამად თბილისში 22 მეტროსადგური ფუნქციონირებს, რომელიც 2 ხაზზეა განლაგებული.