თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. თბილისში კაპიტალურად არემონტებენ მეტროპოლიტენის რამდენიმე სადგურს, იუწყება დედაქალაქის მერიის პრეს-სამსახური.
ინტენსიური სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს მეტროპოლიტენის სადგურებზე „ახმეტელის თეატრი“, „ვარკეთილი“; გარდა ამისა, გასამაგრებელი სამუშაოები დაიწყო სადგურ „ავლაბარში“.
პროექტის ფარგლებში განახლდება მეტროს სადგურების ყველა ბაქნისა და შესასვლელის ინტერიერი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება დახრილ გვირაბებს, გრანიტითა და მარმარილოთი მოპირკეთდება იატაკი. სადგურებში კი ახალი საოპერატორო ჯიხურები და ტურნიკეტები დამონტაჟდება.
„სამუშაოები ითვალისწინებს, როგორც მეტროს სადგურების ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე ვიზუალური მხარის მოწესრიგებას და უსაფრთხოების სისტემების გამართვას, რათა სადგურები მაქსიმალურად კომფორტული იყოს და მოქალაქეებს უკეთესად მოემსახუროს“, — განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერიისა და სატრანსპორტო კომპანიის ინიციატივით 2017 წელს კიდევ ოთხი სადგურის განახლება იგეგმება.
თბილისის მეტროპოლიტენი 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა. ის დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო არტერიაა.
ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში გასვლა მეტროპოლიტენით 40 წუთშია შესაძლებელი. ამჟამად თბილისის მეტროპოლიტენი 22 სადგურს ითვლის, რომლებიც ორ ხაზზეა განლაგებული — „ახმეტელი-ვარკეთილისა“ და „საბურთალოს“. მეტროპოლიტენის ხაზების საერთო სიგრძე 53,7 კილომეტრია.