მას მთელი კავკასია ფეხით აქვს მოვლილი, უამრავი ექსპედიციის ხელმძღვანელი იყო და უჩვეულო სიტუაციებშიც ბევრჯერ აღმოჩენილა.
-ქალბატონო ლია, საუბარი ჯერ ახალი ფაქტით დავიწყოთ: ხატვა შეიძლება ითქვას, რომ სულ ახლახან ისწავლეთ, უფრო სწორედ, ფუნჯი პირველად ამ ასაკში აიღეთ…
— ზუსტად მასეა, რამდენიმე თვის წინ პირველად ავიღე ფუნჯი ხელში. ვერ გეტყვით, ჩემში რა მოხდა. უბრალოდ მიყვარდა ბუნება და როცა თაიგულს ჩავდებდი ლარნაკში, მისი გაფორმება მიყვარდა. სამზარეულოში როცა სუფრას ვაწყობდი, ხოლმე ყველაფრის ლამაზად გაფორმება მიყვარდა. სულ მეუბნებოდნენ, რომ ყველაფერს გემოვნებით აკეთებ და სხვანაირი ხედვა გაქვსო. ხატვით არასოდეს ვხატავდი. იცით, რა გახდა ხატვის დაწყების იმპულსი?— ჩემი დეპრესია… ერთხელაც შევედი სოციალურ ქსელებში და ვხედავ ძალიან ლამაზ ნახატს ჩემთვის საყვარელ „ქანთრის“ სტილში, რასაც ახლდა განცხადება: „ავიყვან მოწაფეებს“. რა თქმა უნდა ცოტა სასაცილო იყო, რომ 74 წლის ასაკში ვიღაცის მოწაფე გავმხდარიყავი, მაგრამ განცხადებას მაინც გამოვეხმაურე და დავუწერე, რომ თუ შეიძლება, თქვენთან მოვიდე მეთქი. ცოტა თავშეკავებული პასუხი იყო, მივხვდი, რომ ეს თავშეკავება ალბათ ჩემმა ასაკმა გამოიწვია, მაგრამ მაინც არ გავჩერდი და მივწერე: მე ყოჩაღი და საკმაოდ აქტიური ადამიანი ვარ, თხილამურებზეც ვდგავარ, მთიდანაც ვეშვები მეთქი. ბოლოს მორიდებულად მომწერა: კი ბატონო, მობრძანდით, მე მყავს ასაკოვანი მოსწავლეებიო. ამ ტილოს ნახვის შემდეგ ხატვის იმდენად დიდი სურვილი გამიჩნდა, რომ ვიფიქრე, წავალ, ვნახავ, ვცდი მეთქი და თანაც, ეს ცოტა განტვირთვაც იქნება ჩემთვის მეთქი.
-ანუ ფაქტობრივად გამოდის, რომ ხატვის გაკვეთილებზე არტთერაპიისთვის მიხვედით?
— დიახ და მასთან რომ მივედი, ვუთხარი, რომ არც ხატვა მინდა, არც არაფერი, უბრალოდ ვგრძნობ, თუკი რაიმეს მასწავლით, ეს ჩემთვის ფსიქოთერაპია იქნება მეთქი. ვცადოთო მითხრა და ჯერ ელემენტარულით დამაწყებინა, მაგალითად ფანქრით მოხაზვა და კონტურების გაკეთება. მის მოსწავლეებს შორის დამხვდა ჩემზე ახალგაზრდა ერთი ქალბატონი, რომელსაც ორი შვილი და ქმარი გარდაეცვალა და სრულიად დეპრესიულ მდგომარეობაში იყო. იმ ადამიანსაც ჩემსავით ფუნჯი ხელში არ ჰქონდა აღებული და დარწმუნებული იყო, რომ ხატვა დაამშვიდებდა და მისთვის ერთგვარი არტთერაპია იქნებოდა. ხატვამ და ჩვენმა პედაგოგმა მეგი გვენეტაძემ ის მდგომარეობიდან გამოიყვანა. მოკლედ ავიღე ხელში ფუნჯი და დავიწყე ხატვა, პირველი ნახატი ძალიან დაჭყანული გამომივიდა…
- ხატვის გარკვეული სტილი გაქვთ…
— ეს მეგი გვენეტაძემაც აღნიშნა. ესაა პიროვნება, რომელმაც ყველა ადამიანში მიმალული ნიჭი გააღვიძა და ადამინებს, რომლებსაც ფუნჯიც არ სჭერიათ ხელში, მხატვრობაში საკუთარი სტილი აპოვნინა.
-ქალბატონო ლია, შეიძლება ითქვას, რომ ხატვამ თქვენში არსებული შინაგანი, ფერადი სამყარო და ის, რის არსებობაც არ იცოდით, გარეთ გამოფინა?
— შესაძლოა, ასეც იყოს, მე რაღაც დეპრესიულს და ცუდს ხომ არ ვხატავ, იმ დადებითს ვხატავ, რაც შინაგანიდან მოდის. მინდა გითხრათ, რა ფერებშიც ვხატავ, ეს ჩემი საყვარელი ფერები არ არის- ისინი ხატვაში თავისთავად მოდის. ბევრი მწერს, რომ ძალიან თბილი ფერებია და მოსწონთ. სხვათა შორის იმ ჯგუფში ყველა აღნიშნავს, რომ სულ სხვა რამეს ვაპირებთ და რეალურად სხვა გამოგვდისო. თუმცა ეს ყველაფერი ალბათ ქვეცნობიერში გვქონდა.
-მხატვრული პერსონაჟებიც გაქვთ, რა კავშირი აქვთ მათ მითოსთან?
— ჩემი მეგობარი, აკადემიკოსი ნანა ხაზარაძე, რომელიც ხეთებზე მუშაობდა, ყოველთვის მთხოვდა, თარხუნთი დამიხატეო. თარხუნთი, მძლეველი გმირი — ამინდის ღვთაება, გვიანდელ ხეთურ სამყაროში, სიუხვის მომტან წყლებთან და ქვეყნის ნაყოფიერებასთან იყო დაკავშირებული. მისი ძირითადი ატრიბუტი ყურძნის მტევანი და თავთავების კონაა. ჩემს ცხოვრებაში პირველად დავხატე ყურძენი. ეს ნახატი ნანა ხაზარაძის საკუთრებაა.
- დარწმუნებული ვარ, ბევრ ექსპედიციაში ხართ ნამყოფი. თუ შეიძლება, ყველაზე საინტერესო შემთხვევა, ან შეხვედრა გაიხსენოთ?
— მართლაც უამრავ ექსპედიციაში ვარ ნამყოფი, ბევრი საინტერესო შემთხვევა მახსოვს. მრავალი ექსპედიციის ხელმძღვანელი ვიყავი და თან მთელ კავკასიაში ვმუშაობდი, ამიტომ ფეხით გვაქვს მოვლილი ეს რეგიონი. მინდა გავიხსენო ჯავახეთი, სადაც იმ პერიოდში მუშობა რომ დავიწყეთ, ძალიან რთული იყო შესვლა. ექსპედიციის იქ მუშაობა პრაქტიკულად გამორიცხული იყო. მე მაინც შევკარი ქალების ჯგუფი და წავედი. ერთმა უჩვეულო შემთხვევამ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთ ღამეში დამაახლოვა. საქმე ისაა, რომ ჩვენი ექსპედიციის წევრის მეუღლე იყო ვაჟა ჩხაიძე, რომელიც იყო სისხლის გადასხმის ინსტიტუტის დირექტორი გახლდათ და სულ გვპირდებოდა ყუთებს, რომლებშიც ექსპედიციაში წასაღებ საჭმელს ჩავაწყობდით. 90-იან წლებში საქართველოში საშინელი მდგომარეობა იყო, საჭმელი არ იშოვნებოდა და დიდი ამბავი იყო, როცა გვაჩუქეს ჰუმანიტარული პროდუქტები: ბრინჯი, მაკარონი, ლობიო და სხვადასხვა დეფიციტური საკვები. ვაჟამ გვაჩუქა წითელი ჯვრის ყუთები, რაშიც საჭმელი ჩავაწყეთ. როდესაც რეგიონში ჩავედით ახალგაზრდები დაგვესივნენ და ჩვენი დახმარება დაიწყეს. მათ დაინახეს წითელი ჯვრის ყუთები და მეორე დღესვე ამ უზარმაზარ რეგიონში გავარდა ხმა, რომ წითელმა ჯვარმა საქველმოქმედო დახმარება ჩამოგვიტანაო. წარმოიდგინეთ, რა ამბავი ატყდებოდა, დაგვიდგა დიდი რიგი. ვერაფრით გავითვალისწინეთ, რომ ასეთი რამ მოხდებოდა. ავუხსენით, რომ ეს ჩვენი საკვები იყო, მაგრამ რაც გვქონდა, ყველაფერი ხალხს დავურიგეთ. ამის შემდეგ რომელ სოფელშიც მივდიოდით, ყველგან ხელგაშლილს გვიღებდნენ. იქ იყო დუხობორების მეურნეობა, რომელმაც ჩვენ საკვებით მოგვამარაგა, ასე, რომ ადვილად გავდიოდით.
- ქალბატონო ლია, დუხობორები ახსენეთ, ეს ცალკე და ძალიან საინტერესო თემაა და მათთან დაკავშირებით ეთნოგრაფიის კუთხით რაიმე უჩვეულო ტრადიცია ან მიგნება ხომ არ გახსენდებათ?
— რასაც ჩვენ ვაკეთებდით ჯავახეთში, ჩვენამდე არავის ჰქონდა გაკეთებული ეს იგივე დუხობორების თემას ეხება. მე სასაზღვრო რეგიონების სწავლა დავიწყე. ერთ კურიოზულ შემთხვევას მოგიყვებით, როცა იქ ერთი უპატრონო ადამიანი გარდაიცვალა, დუხობორებმა არ იციან თავისიანის ასე მიტოვება, ამიტომ რა თქმა უნდა ეს ადამიანი გააპატიოსნეს და მისი გასვენება უნდოდათ. ჩვენ ყველასთან მივდიოდით სამძიმარზე და ამ შემთხვევაშიც მივედით და როგორც ვაკეთებთ ხოლმე ჩვენი ტრადიციით გვინდოდა მისამძიმრება. მათ გვთხოვეს, რომ სადაც ეს ადამიანი იყო ჩასვენებული სასახლის წინ, სხვა დუხობორებთან ერთად დავმსხდარიყავით. ჩვენ ჩამოვსხედით, ცოტა ხანში მათ დაიწყეს მოძრაობა და ვერ გავიგეთ რა ხდებოდა. მოიტანეს მაგიდა და ის სასახლესა და ჩვენს შორის ჩადგეს და ფანტასტიური სუფრა გაგვიშალეს. ახლა წარმოიდგინეთ, თქვენ ჩვენი მდგომარეობა, თუ არ შევჭამდით ესე იგი, არ კადრულობ და მათ ტრადიციებს არ სცემ პატივს, შეჭმით კი აბა, როგორ უნდა გვეჭამა ასეთ პირობებში? აქვე გეტყვით, რომ ექსპედიციის ქალებში ყველას მინუსი მხედველობა გვაქვს და სათვალე გვეკეთა. მაშინ მე ყველას გადავულაპარაკე, მოდი, ყველამ მოიხსენით სათვალე მეთქი, რომ რაღაცეები მკვეთრად ვერ დავინახოთ მეთქი და უნდა ვჭამოთ, რომ უხერხულია, თუ უარი ვთქვით ამის მერე ამ სოფელში ვერ ვიმუშავებთ მეთქი. დაიწყეს წუწუნი აქ როგორ ვჭამოთო, მე შევახსენე, რომ გუშინ რომ ვიყავით მინდორში წყაროს პირას სუფრა რომ გავშალეთ ის დღე წარმოიდგინეთ და ორი ლუკმა მაინც ჩაიდეთ მეთქი. ეს მართლაც მოახერხეს. ჰოდა ასეთ ვითარებაში მოგვიწია საჭმლის ჭამა, რაც არც მანამდე და არც ამის მერე არ გვქონია. იმ ხალხმა ამით ძალიან დიდი პატივი გვცეს. მიუხედავად იმისა, რომ ის მიცვალებული უპატრონო იყო, თავისი რიტუალი მაინც შეასრულეს.