თბილისი, 14 მარტი — Sputnik. გუდაურში, ერთ-ერთ ყველაზე მაღალ წერტილზე 360-გრადუსიანი ხედის მქონე საკონფერენციო ცენტრის აშენების ინიციატივით გამოვიდა საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.
მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს დაავალა ცენტრის მშენებლობისთვის შესაბამისი ადგილის შერჩევა, რომელიც ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.
„საკონფერენციო ცენტრის პროექტი ევროპული ანალოგების მაგალითზე განხორციელდება, რომლებიც წარმატებით, მთელი წლის განმავლობაში, თითქმის 365-დღიანი დატვირთვით ფუნქციონირებს“, — ნათქვამია განცხადებაში.
პროექტით კერძო სექტორის დაინტერესების შემთხვევაში განიხილება წინადადებები საინვესტიციო პარტნიორობის თაობაზე.