თბილისი, 14 მარტი – Sputnik. აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია მსურველებს ამერიკელ ფოტოგრაფთან და სამხედრო მრჩეველთან სტეისი პირსელთან შეხვედრაზე იწვევს. შეხვედრა 15 მარტს მედია-ფაკულტეტზე გაიმართება.
„ფოტოგრაფი დამსწრე საზოგადოებას გაუზიარებს თავის გამოცდილებას, ისაუბრებს ფოტოჟურნალისტიკაზე და დოკუმენტური ფოტოგრაფიის სპეციფიკაზე. დასწრება ყველასთვის თავისუფალია. შეხვედრა ჩატარდება ინგლისურ ენაზე ქართული თარგმანით“, — აღნიშნულია ორგანიზატორების განცხადებაში.
პირსელთან შეხვედრა სამხატვრო აკადემიაში 14:30 საათზე №408 დარბაზში გაიმართება.
ტეხასის მკვიდრი სტეისი პირსელი მრავალი ჯილდოს მფლობელია. არის აშშ-ის სამხედრო–საჰაერო ძალების ვეტერანი, საბრძოლო ფრენების დროს ორჯერ არის დაჭრილი.
სტეისი პირსელი სამხედროების ოჯახში დაიბადა, ამიტომ არავის გაკვირვებია, როდესაც 17 წლის პირსელი აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებში შევიდა. თუმცა, სანამ სამსახურს დაიწყებდა, გოგონამ ფრონტის წინა ხაზზე ფოტოების გადაღების ნებართვა მიიღო.
ოთხი საბრძოლო გაფრენის შემდეგ სტეისი ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ფოტოგრაფი და აშშ-ის ფოტორეპორტიორთა ეროვნული ასოციაციის (NPPA) წევრი გახდა.
პირსელის ნამუშევრებს აქვეყნებდნენ გამოცემები Time Magazine, Newsweek, New York Times, LA Times,USA Today, Soldier of Fortune, The Portrait და GQ, ასევე გადასცემდნენ ტელეარხებზე CNN-სა და BBC-ზე.
ერაყში 2003 და 2007 წლებში დაჭრის შემდეგ, სამედიცინო ჩვენებების გამო, ის სამხედრო სამსახურს ჩამოაშორეს. ამის შემდეგ სტეისიმ უფლებადამცველის საქმიანობა დაიწყო. ის საზოგადოებას ვეტერანების უფლებების შესახებ ინფორმაციას აწვდის. ამჟამად სტეისი პირსელი არის Charleston Center for Photography-ს ცენტრის მფლობელი და ხელმძღვანელი, რომელიც ხელოვნების სფეროში ახალგაზრდებისთვის ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამებს, გამოფენებს, ფოტოკურსებსა და მასტერ-კლასებს აშშ-სა და სხვა ქვეყნებში.