თბილისი, 14 მარტი — Sputnik. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში მხოლოდ გასული ერთი დღე-ღამის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება 120-ჯერ დაირღვა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
„თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებებმა, გამოიყენეს რა მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევები, ერთი დღე-ღამის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება 120-ჯერ დაარღვიეს ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით“, — ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიამ აზერბაიჯანის სსრ–დან გასვლის თაობაზე განაცხადა. 1991 წლის სექტემბერში სტეფანაკერტში მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის შექმნა გამოცხადდა. დღეისათვის აზერბაიჯანს დაკარგული აქვს კონტროლი ყარაბაღზე.
ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ მოლაპარაკებები 1992 წლიდან მიმდინარეობს. აზერბაიჯანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მოითხოვს, ხოლო სომხეთი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესების დამცველად გვევლინება, ვინაიდან თავად ყარაბაღი მოლაპარაკებების მხარე არ არის.