თბილისი, 9 მარტი — Sputnik. საფრანგეთისა და სომხეთის პრეზიდენტებმა ფრანსუა ოლანდმა და სერჟ სარქისიანმა პარიზში გამართულ შეხვედრაზე მთიან ყარაბაღში კონფლიქტის დარეგულირების, ორმხრივი ურთიერთობის განვითარების საკითხები და საერთაშორისო არენაზე არსებული ვითარება განიხილეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
„ჩვენ შევეხეთ პოლიტიკურ საკითხებს. საფრანგეთი შესაძლოა ფრიად სასარგებლო გამოდგეს ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხში. აშშ-თან და რუსეთთან ერთად, საფრანგეთი მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეა“, — განაცხადა ფრანსუა ოლანდმა.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, მის ქვეყენას სურს მიაღწიოს კრიზისიდან გამოსვლის თაობაზე აუცილებელ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და ასევე თავიდან აირიდოს ისეთი მძიმე ინციდენტები, როგორებიც ბოლო თვეებსა და კვირებში მოხდა.
ფრანსუა ოლანდმა მაღალი შეფასება მისცა ფრანგი და სომეხი ხალხის მეგობრობას და ხაზი გაუსვა მათ შორის არსებულ მტკიცე ეკონომიკურ თუ კულტურულ კავშირებს.
თავის მხრივ, სომხეთის პრეზიდენტმაც აღნიშნა ორი ქვეყნის მჭიდრო კავშირ-ურთიერთობა.
„მე სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ ჩვენ ძალიან მსგავსი მიდგომები გვაქვს მთელ რიგ საკითხებში… კერძოდ, ჩვენი რეგიონის პრობლემებისადმი“, — განაცხადა სერჟ სარქისიანმა.
შეგახსენებთ: მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიამ აზერბაიჯანის სსრ–დან გასვლის თაობაზე განაცხადა. 1991 წლის სექტემბერში სტეფანაკერტში მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის შექმნა გამოცხადდა. დღეისათვის აზერბაიჯანს დაკარგული აქვს კონტროლი ყარაბაღზე.
ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ მოლაპარაკებები 1992 წლიდან მიმდინარეობს. აზერბაიჯანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მოითხოვს, ხოლო სომხეთი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესების დამცველად გვევლინება, ვინაიდან თავად ყარაბაღი მოლაპარაკებების მხარე არ არის.