მერე და მერე კეთილი საქმეების ნუსხაც გაიზარდა და სიკეთის მოქმედების არეალიც გაფართოვდა. აი, მაშინ კი, როგორც ჩვენში ასეთ შემთხვევებში ხდება, წავიდა ჭორები: ალბათ დეპუტატია და პიარს იკეთებსო, პოლიტიკაში მოსვლა უნდა და ყურადღებას იქცევსო, ესაო, ისაო… დრო გადიოდა და მსგავს სურვილს არც არავინ გამოთქვამდა და არც განცხადებას აკეთებდა.
მერე მის მიმართ ნდობა გაიზარდა და უცნობი ხალხი მის სახელზე გახსნილ ანგარიშზე ფულს ყოველგვარი ეჭვის გარეშე რიცხავდა. მადლიერი ადამიანები კი ერთმანეთს გადასცემდნენ ამბავს კაცზე, რომელიც მათ ყოველგვარი ანგარებისა და ქვეტექსტების გარეშე დაეხმარა.
ქართული მასმედია ახმაურდა და იშვიათ თემებზე მონადირე ჟურნალისტებიც გააქტიურდნენ. მაშინ სოციალურ ქსელებში მისი კატეგორიული განცხადება-პოსტიც გაჩნდა:
„ტელევიზიებს ვთხოვ, ტყუილად ნუ დამირეკავთ, ჩემზე სიუჟეტის კეთებას ჯობს იმ ხალხზე იფიქროთ, ვისაც დღეს შია“.
ეს ამბავი 29 წლის თბილისელ კაცზეა, მისი ამბები და საქმეები სხვებისგან გავიგე. პროფესიით სცენარისტია, ჰყავს მეუღლე და შვილი. სოციალურ ქსელებში ყოველი დღის ბოლოს ერთგვარი ანგარიშივით ინფორმაციას დებდა – იმ დღის გამომუშავებული თანხა ვის გადასცა და რა შეიძინა.
ზოგ ამბავსაც ხალხი ერთმანეთისგან იგებდა: საკვები ქუჩაში მყოფ მშიერ ხალხს დაურიგაო, უნივერსიტეტის წარჩინებულ სტუდენტს სტატუსს უჩერებდნენ, მან ფული შეუგროვა და სწავლა გააგრძელებინაო, ჩოხატაურში უღარიბეს ოჯახებს საკვები და ტკბილეული ჩაუტანაო, უკანაფშავში უსახლკარო ოჯახს დაეხმარაო, მეეზოვეებსა და პატრულის ბიჭებს ღამის მორიგეობის მერე საკვები მიუტანაო, ბოდბისხევში ტონამდე მოგროვილი ტანსაცმელი და საოჯახო ნივთები ჩაიტანაო. კუჭატნელი ბებო, რომელსაც მარტო შვილიშვილი უვლიდა, თელავის საავადმყოფოში გადაიყვანაო… მას კი ყველაზე მეტად ის ახარებს, რომ მიმბაძველები გამოუჩნდნენ…
არც ისე დიდი ხნის წინ სოციალურ ქსელებში მისი კიდევ ერთი განცხადება გაჩნდა: „დიდი ამბების შემდეგ მოვიპოვეთ საერთაშორისო საქველმოქმედო აქციის — Red Nose Day საქართველოში ჩატარების ლიცენზია. დავიწყებთ 24 მარტს და გაგრძელდება 24 აპრილამდე. ჩვენ ყველა ერთად ვიყიდით, გავყიდით, გავიკეთებთ წითელ ცხვირებს, ვიცინებთ და, რაც ყველაფერზე მთავარია, შეგროვილი ფულით ზაფხულში ვიყიდით მიწას თბილისში და ავაშენებთ შენობას, სადაც სულ იქნება საჭმელი და ტანსაცმელი უფასოდ, ყველა ორგანიზაციისგან დამოუკიდებლად, ყველა ერთად ვიზამთ ამას. რა გიჟივით მიხარია ნეტავ იცოდეთ. 24 მარტიდან ყველა წითელი ცხვირს გავიკეთებთ, იმისთვის რომ შიმშილი და სიცივე მოვსპოთ“.
ვინც არ იცით, საუბარია აკა სინჯიკაშვილზე. მასთან დარეკვა ინტერვიუს აღების მიზნით (გასაგები მიზეზების გამო) არც მიცდია…