თბილისი, 14 მარტი — Sputnik. დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატამ მთავრობასა და პარლამენტის ქვედა პალატას დაუთმო და Brexit-ის დაწყების პროცედურას თავდაპირველი სახით, შესწორებების გარეშე მისცა ხმა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
ამას წინ უძღოდა კანონპროექტის თემთა პალატაში განხილვა-მიღება და ახლა კანონის ძალაში შესასვლელად მხოლოდ დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ მეორის თანხმობაღაა საჭირო.
ასეთი თანხმობა კი პრაქტიკულად ავტომატურად გაიცემა. ასე რომ, პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის უახლოეს საათებში ყველ წინაღობა მოეხსნება საიმისოდ, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე ლისაბონის შეთანხმების 50-ე მუხლი აამოქმედოს.
ლორდთა პალატა თავიდან კანონპროექტში ორი შესწორების შესატანად იბრძოდა. თუმცა ლორდებმა საბოლოოდ უარი თქვეს ამ მოთხოვნაზე, რათა თავიდან აერიდებინათ ბრალდება, თითქოს ხალხის ნების წინააღმდეგ მიდიოდნენ.
თუ როდის აამოქმედებდა Brexit-ს ოფიციალურად პრემიერი ტერეზა მეი, სულ ცოტა ხნით რჩებოდა გამოცანად. ერთი ვერსიით, შესაბამის უწყებას ის ბრიუსელში დღესვე გაგზავნიდა, ხოლო სხვა ვერსიით, პრემიერ-მინისტრი არ იჩქარებდა და, იმის გათვალისწინებით, რომ 15 მარტს ნიდერლანდებში არჩევნები, ხოლო კვირის ბოლოს შოტლანდიაში ნაციონალური პარტიის კონფერენციაა დანიშნული, Brexit-ის პროცედურის დაწყებას მარტის ბოლო კვირისთვის, კერძოდ, 27 მარტისთვის გადადებდა.
სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა Brexit-ის საკითხთა მინისტრ დევიდ დევისის განცხადება, რომ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურას პრემიერ-მინისტრი მარტის ბოლომდე აამოქმედებს.
ცნობილია, რომ მოლაპარაკებები ევროკავშირთან გაერთიანებიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის პირობების შესათანხმებლად ორ წელიწადს გაგრძელდება. შესაბამისად, გაერთიანებული სამეფო ევროგაერთიანების დატოვებას მხოლოდ 2019 წლის გაზაფხულზე შეძლებს.