თბილისი, 13 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პროგრესული ალიანსის გამგეობის წევრად აირჩიეს. მისი დამფუძნებელი ყრილობა ბერლინში დაიმართა, აღნიშნულია საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
პროგრესული ალიანსი წარმოადგენს სოციალ-დემოკრატიული და სხვადასხვა პროგრესული პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების გაერთიანებას. ალიანსი დაახლოებით 120 ორგანიზაციას აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან.
„რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პატივია ამ ორგანიზაციის გამგეობის წევრობა. „ქართულ ოცნებას“ ეს დაეხმარება საერთაშორისო კავშირების შემდგომ გაღრმავებაში და ასევე, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დაგვეხმარება, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო კარგად წარვადგინოთ საერთაშორისო დონეზე“, — განაცხადა კობახიძემ.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, გამგეობის წევრები არიან ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის მარტინ შულცი — გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე და კანცლერობის კანდიდატი, ასევე შვედეთის პრემიერ-მინისტრი სტეფან ლოფენი, პორტუგალიის პრემიერ მინისტრი ანტონიო კოშტა და სხვები.
პარტია „ქართული ოცნება“ პროგრესულ ალიანსის ერთ-ერთი დამფუძნებელი და აქტიური წევრია.
ქართული დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ბერლინში 11 მარტს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები შეხვდნენ შვედეთის პრემიერ-მინისტრს სტეფან ლოფენს, ასევე მარტინ შულცს. გარდა ამისა, გაიმართა შეხვედრა გერმანიაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.
ქართული დელეგაციის ვიზიტი 13 მარტს მთავრდება.