თბილისი, 13 მარტი — Sputnik. სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ დაფუძნებული შპს სამშენებლო კომპანია „მშენებელი 2011“-ის სახსრების მითვისების ბრალდებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა ორი პირი დააკავეს.
დაკავებულია „მშენებელი 2011“-ის საფინანსო განყოფილების უფროსი ა.ბ. და ამავე კომპანიის არქიტექტორ-დიზაინერი ბ.ე., რომლებმაც 243 ათასი ლარი მიითვისეს, განაცხადეს უწყების პრეს-სამსახურში.
გამოძიების ინფორმაციით, 2015-2016 წლებში ა.ბ. იკავებდა შპს სამშენებლო კომპანია „მშენებელი 2011“-ის საფინანსო განყოფილების უფროსის თანამდებობას. ამ პერიოდში ბ.ე.-ს პირად სახელფასო ბარათზე პერიოდულად რიცხავდა სხვადასხვა ოდენობის თანხებს, ამგვარად ხდებოდა ამ თანხების მითვისება.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „სხვისი ნივთის ან დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება ან გაფლანგვა“, რაც 7-დან 11 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.