თბილისი, 7 მარტი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა 50000 ლარის ქრთამის აღების ბრალდებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გელა კობალაძე დააკავეს, ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
გამოძიება ამტკიცებს, რომ 2015-2016 წლებში ქალაქ ოზურგეთის მერიამ შპს,,პირამიდა-ფ.რ. ფილიალთან“ გააფორმა ხელშეკრულებები ქალაქ ოზურგეთის დაზიანებული ქუჩების რეაბილიტაციისა და მდინარე ბჟუჟის ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით. აღნიშნულმა კომპანიამ ვერ შეძლო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვადაში სამუშაოების დასრულება, რის გამოც დღის წესრიგში დადგა მასთან ხელშეკრულებების შეწყვეტის საკითხი.
ბრალდებული გელა კობალაძე შეხვდა შპს,,პირამიდა-ფ.რ. ფილიალის“ ტექნიკურ მენეჯერს, რომლის ვინაობა არ სახელდება და დაპირდა ხელშეკრულებების ვადების გაგრძელებას და უკვე შესრულებულ სამუშაოებზე დაახლოებით 150 000 ლარის ჩარიცხვას.
თავისი „მომსახურების“ სანაცვლოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ქრთამის სახით მოსთხოვა და აიღო ფულადი თანხა 50 000 ლარის ოდენობით, რა დროსაც იგი სამართალდამცველებმა დააკავეს.
საქმე აღიძრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილით („ქრთამის აღება განსაკუთრებით დიდი ოდენობით“), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 11 — დან 15 წლამდე.