თბილისი, 12 მარტი – Sputnik. ბათუმში მომხდარ არეულობაში პოლიტიკური ელფერი შეინიშნება, განაცხადა აჭარის მთავრობის მეთაურმა ზურაბ პატარაძემ.
ბათუმში შაბათს, საღამოს, არეულობა დაიწყო — რადიკალურად განწყობილი ახალგაზრდების ჯგუფი 7 საათის განმავლობაში ქალაქის მთავარ ქუჩებს ანადგურებდა.
11 მარტს ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მოსახლეობასა და პოლიციას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი, თვითმხილველთა თქმით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ მძღოლის დაჯარიმება გახდა, რასაც მოქალაქეების პროტესტი და გზის გადაკეტვა მოჰყვა.
სპეცრაზმმა ტერიტორია მომიტიგეებისგან დღეს დილით გაათავისუფლა.
„სახელმწიფო, ქალაქი, რეგიონი არ შეეგუება ვანდალიზმს, არ შეეგუება უსამართლობას, არ შეეგუება იმ ქმედებებს, რომელიც გუშინ, სამწუხაროდ, ბათუმში განვითარდა. სამწუხაროდ, ჩვენ აქ ვხედავთ პოლიტიკურ ელფერსაც. ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი, პოლიტიკური პარტიები ცდილობენ გადაიყვანონ ეს სხვა სიბრტყეში. კადრებში ჩანდნენ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები. ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია, რომ ჩვენი შვილები ჩართული იყვნენ მსგავს აქციებში“, – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
მან აღნიშნა, რომ ხელისუფლება ბათუმში დესტაბილიზაციას არ დაუშვებს.
„ეს აქცია ზუსტად გათვლილი იყო იმისთვის, რომ არ განვითარდეს ჩვენი რეგიონი. მით უმეტეს წინ არის ტურისტული სეზონი. ჩვენი რეგიონის ცნობადობა უფრო მაღალი ხდება. ამავდროულად ჩვენი ოპონენტები ცდილობენ ბინძური გზებით შეაჩერონ რეგიონის განვითრება… ამაზე გამოძიება იტყვის (ვინ დგას არეულობის უკან) კონკრეტული პოლიტიკური პარტია უხეშად ჩაერია ამ პროცესში, მხედველობაში მყავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა ზურაბ პატარაძემ ტელეკომპანიის Imedi ეთერში.
ბოლო მონაცემებით, არეულობის შედეგად ადმინისტრაციული წესით დაკავებულია დაახლოებით 40 ადამიანი. 33 ადამიანი დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. აქედან 15 – პოლიციელია. აქედან ბევრი უკვე გამოწერეს და ისინი მკურნალობას სახლში განაგრძობენ.
ბათუმში დაწყებულია ტერიტორიის გასუფთავების სამუშაოები. ქალაქის მერმა გიორგი ერმაკოვმა განაცხადა, რომ ზარალის დათვლის შემდეგ ქალაქში ყველაფერს აღადგენენ.