თბილისი, 12 მარტი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, რომ პოლიცია არ დაუშვებს არანაირ არეულობას საქართველოს მთელი მასშტაბით. ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს აჭარაში განუცხადა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
„ის, რაც ჩვენ ვიხილეთ, ყოველგვარ ზღვარს სცდება. პროტესტის გამოხატვის ამგვარი ფორმა აბსოლუტურად მიუღებელია“, – განაცხადა მღებრიშვილმა.
ჟურნალისტების კითხვაზე, არსებობს თუ არა ვიდეოჩანაწერი, როგორ დაიწყო ეს პროტესტი, მინისტრმა უპასუხა, რომ არსებობს და ის, რასაც მოჰყვა არეულობა, იყო მიზეზი, მაგრამ სინამდვილეში საქმის ვითარება უფრო ღრმად ჩახედვას საჭიროებს.
„აქ უფრო სიღრმეებში არის ჩასახედი და ჩვენ აუცილებლად ჩავიხედებით გამოძიების ფარგლებში“, – აღნიშნა მღებრიშვილმა.
იმ შემთხვევაში, თუ დღესაც გაგრძელდება არეულობა, მინისტრმა განაცხადა: „მე პირობას ვდებ, თუკი ვინმეს თავში იხარშება მსგავსი, რომ აპირებს კიდევ გამოსვლას, ჩემი რჩევა იქნება, ყველა დარჩეს სახლში და მსგავს არეულობაში მონაწილეობა არ მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია გამოიყენებს ადეკვატურ, პროპორციულ ძალას კიდევ ერთხელ და კიდევ ერთხელ აჩვენებს თავის პროფესიონალიზმს და არ დაუშვებს საქართველოს მასშტაბით, არცერთ კუთხეში მსგავს არეულობას“.
უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ამჟამად დაკავებულია 40 პირი.
„პირობას ვდებ, დაუსჯელი არ დარჩება არავინ, ვინც იყო ორგანიზატორი და მონაწილე ამ ვანდალური აქტისა“, – აღნიშნა მღებრიშვილმა და დასძინა, რომ მიმდინარეობს არეულობაში მონაწილე პირების იდენტიფიკაცია.
ბათუმში შაბათს, საღამოს, არეულობა დაიწყო — რადიკალურად განწყობილი ახალგაზრდების ჯგუფი 7 საათის განმავლობაში ქალაქის მთავარ ქუჩებს ანადგურებდა.
11 მარტს ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მოსახლეობასა და პოლიციას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი, თვითმხილველთა თქმით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ მძღოლის დაჯარიმება გახდა, რასაც მოქალაქეების პროტესტი და გზის გადაკეტვა მოჰყვა.
სპეცრაზმმა ტერიტორია მომიტიგეებისგან დღეს დილით გაათავისუფლა.
ბათუმში დაწყებულია ტერიტორიის გასუფთავების სამუშაოები. ქალაქის მერმა გიორგი ერმაკოვმა განაცხადა, რომ ზარალის დათვლის შემდეგ ქალაქში ყველაფერს აღადგენენ.